საზოგადოება
მელაანელები ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით პრემიერის პასუხს ელოდებიან
სადავო ნაგავსაყრელის მშენებლობასთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანის მცხოვრებლები გასულ კვირას ისევ შეიკრიბნენ.

ისინი გამგებლის წარმომადგენელსა და საკრებულოს დეპუტატს შეხვდნენ და თავიანთი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

როგორც ადგილობრივებმა speqtri.ge-ს განუცხადეს, მათ დაახლოებით ერთი თვის წინ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელზე განცხადებაც შეიტანეს და ხელმოწერებიც დაურთეს, ახლა კი პასუხს ელოდებიან.

საქმე ეხება ევროსტანდარტების შესაბამის ნაგავსაყრელს, რომლის მშენებლობაც სოფელ მელაანში, ლაკბეს ხეობაში, 2019 წლისთვისაა დაგეგმილი.
პროექტი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უნდა განოხრციელდეს, რასაც ადგილობრივები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

-„არის საფრთხე, რომ ამ ნაგავსაყრელის აშენებით, გარემო დაბინძურდეს. იქვეა სახნავ-სათესი მიწები, მთელი კახეთის ნაგავი აქ უნდა დაგროვდეს. სოფლის დეპუტატმა და გამგებლის წარმომადგენელმა ასეთი პასუხი გაგვცეს, რომ ნაგავსაყრელი ლაკბეს ხეობაშია ღარ აშენდება. როგორც გვითხრეს, სიტყვიერად, ეს უკვე გადაწყვეტილია. თუმცა გაჩნდა ახალი საფრთხე და მგონი უარესიც. რამდენიმე დღის წინ ვიღაცები შეუნიშნავთ მინდორში. თუკი იქ გადაწყვეტენ აშენებას, ეს უფრო უარესია ,გარშემო სულ ნაკვეთები და ვენახებია. ანალოგიურად, არ დავუშვებთ იმას, რომ ახლა წავიდნენ და ნაგავსაყრელი ჩვენს მინდვრებში მოაწყონ.“- ამბობს სოფელ მელაანის მკვიდრი ჯაბა დათუაშვილი.

აღნიშნულ საკითხზე საუბრობს სოსო ბიძინაშვილიც.

„ამ ხეობის წყლით ვსარგებლობთ 4 სოფელი და ნარჩენებით დაბინძურება ავტომატურად დააბინძურებ სწყალს. კიდევ ერთი და არცთუ უმნიშვნელო მიზეზი, რის გამოც ვეწინააღმდეგებით, ამ ადგილას აღმოჩენილია უძველესი სალოცავის ნაშთები, რომელიც ჯერაც შეუსწავლელია. არადა ცნობილია, რომ მელაანი არის უდიდესი არქეოლოგიური სიძველეებით მდიდარი სოფელი. ამ ხეობამ ადიდებაც იცის, ჯერ კიდევ 80-იან წლებში წაიღო ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარე ხიდი და როგორ ფიქრობთ, ნაგავსაყრელს რომ ჩაზიდავს იორში, ეს არ იქნება ეკოლოგიური კატასტროფა?! მთელი კაჭრეთის ზონის სოფლები (არაშენდა, ქოდალო,მელაანი, ჩალაუბანი) წინააღმდეგები არიან, არ დავუშვებთ ამ უმსგავსობას, ჩვენს შვილებს არ მოვაწამლინებთ.“

როგორც ნარჩენების მართვის ექსპერტი ხათუნა ჩიკვილაძე ამბობს, თუკი მელაანის ტერიტორიაზე ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი მოეწყობა, ეს მოსახლეობაზე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს.

„კანონმდებლობის თანამხად, ნაგავსაყრელი უნდა იყოს დაშორებული მოსახლიდან 500 მეტრის მანძილზე. მელაანის შემთხვევაში ეს 2 კმ-ია, მსგავსი დაშორება ევროპაშიც არ მინახავს. მოსახლეობა საერთოდ ვერ იგრძნობს იქ ნაგავსაყრელი არის თუ არა. ევროსტანდარტი უფრო მაღალ დონეზე დგას და სერიოზულ მოთხოვნებს აყენებს გარემოს დაცვის კუთხით. ამ სტანდარტის მქონე ნაგავსაყრელზე ქვევიდან უნდა ამოეგოს გეომემბრანა, რათა არ მოხდეს მასის მიწის ქვეშ ჩაჟონვა. ეს კანონმდებლობაშია გაწერილი. ყველა ნარჩენის შემოტანის დროს ხდება გადაფარვა, ეს არის აუცილებელი მოთხოვნა, რაც სუნის გავრცელებასა და ირგვლივ დანაგვიანებას უშლის ხელს. გათვალისწინებულია ქარის მიმართულებაც, ასე რომ, სოფლის მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს. ამ ყველაფერს გარემოს დაცვის ინსპექცია გააკონტროლებს. ისინი საუბრობენ ასევე წყლის დაბინძურების საფრთხეზე, რაც არ მოხდება. კომუნისტების დროს ამ ადგილას წყლის სათავე-ნაგებობა არსებობდა, თუმცა შემდეგ მოიშალა დ იქიდან წყალი პრაქტიკულად აღარავის მიეწოდება, მოსახლეობა სულ სხვა წყალმომარაგების სისტემით სარგებლობს.“

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „სპექტრმა“ სტატია 24 ივნისს მოამზადა. მაშინ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი ამბობდა, რომ მოსახლეობის აზრს გაითვალისწინებენ და ყველა მათ კითხვას არგუმენტირებულ პასუხს გასცემდნენ. ჩვენ გიორგი შუხოშვილს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით, თუმცა მან კონკრეტული პასუხი არ გაგვცა. მისი თქმით, მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს და წინასწარ განცხადებას ვერ გააკეთებენ.

ამ ეტაპისთვის უცნობია საქართველოს მთავრობის პოზიციაც. განიხილავენ თუ არა ისინი მელაანელების განცხადებას? - ამ კითხვით პრესსამსახურის უფროსს, სოფო მოსიძეს მივმართეთ. ის საკითხის გარკვევას დაგვპირდა, თუმცა, შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.
| Print |
FaceBook Twitter Google