საზოგადოება
პანდუსები თვალის ასახვევად
36 წლის ნათია ბერძენიშვილი დაბადებიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირია. უკვე რამდენიმე წელია ის გურჯაანში საოჯახო სათემო ტიპის სახლში, მეუღლესთან ერთად, ცხოვრობს.

როგორც თვითონ გვიყვება, მას გადაადგილება უჭირს, რადგან გარემო ადაპტირებული არ არის.
„ქალაქში საშინელი გზებია და ეტლით მოძრაობა ძალიან მიჭირს. არც ტროტუარიდან ჩასასვლელია შესაბამისად მოწყობილი, რის გამოც ჩვენთვის სადმე წასვლა თითქმის შეუძლებელია.“
იმის გამო, რომ სხვადასხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებების უმრავლესობას პანდუსები არ აქვს, მისთვის შენობაში შესვლა სირთულეს წარმოადგენს.
„გამგეობაში სულ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი. შიგნით შევდივარ, შემდეგ ეტლს დაბლა ვტოვებ და მაღლა მუხლებით ავდივარ. აბა რა უნდა გავაკეთო? - სხვა გამოსავალი არ მაქვს. პანდუსი ყველგან უნდა იყოს, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის სხვას ხომ ვერ სთხოვ დახმარებას?! გარდა იმისა, რომ პანდუსი აუცილებელია, ასევე ჩვენზეც უნდა იყოს მორგებული. ასეთი გურჯაანში მხოლოდ ლიბერთი ბანკშია, სადაც პენსიის ასაღებად მივდივარ. იქ მოაჯირიც არის და დახრაც ნორმალური აქვს.“

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც 2014 წლის ექვს იანვარსაა მიღებული, განსაზღვრულია პანდუსის სტანდარტები. შენობა- ¬ნაგებობების შესასვლელებში მოწყობილი პანდუსის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 1,0 მეტრისა. პანდუსის გრძივი მიმართულებით მოწყობილი შემაღლება უნდაიყოს სიგრძის 6% (განსაკუთრებულ შემთხვევაში სიგრძის 8%). საფეხურები უნდა იყოს ყრუ, სწორი და ხორკლიანი ზედაპირით, ამასთან, გამონაშვერების გარეშე.

რამდენიმე დღის წინ გურჯაანში, ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაში დასრულდა ახალი პანდუსის მოწყობა. თუმცა როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ზვიად ბიაშვილი ამბობს, ის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
„იმისთვის, რომ არ ჩაკეტილიყო ქვეითთა გადასასვლელი, მოეწყო იმ ტიპის პანდუსი, იმ დახრილობით, რის საშუალებასაც იძლეოდა არსებული შენობა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული შენობის აშენების დროს პანდუსის გაკეთება გათვალისწინებული არ იყო, ძალიან გართულდა სტანდარტული მოწყობა.
წინა პერიოდთან შედარებით, ეტლით მოსარგებლე პირებს უფრო გაუადვილდებათ ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მოხვედრა, თუმცა ამას სხვა ადამიანის დახმარებით შეძლებენ. რაც შეეხება პანდუსების მოწყობას დანარჩენ სართულებზე, ეს ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, თუმცა პირველ სართულზე გამოიკვრება იმ სამსახურების ტელეფონის ნომრები, რომლებიც განთავსებულია ნონეშვილის გამზირზე, #4-ში. საჭიროების შემთხვევაში, კონკრეტული სამსახურის წარმომადგენლები ჩამოვლენ პირველ სართულზე და ამ ადამიანებს მოემსახურებიან.“

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენლის ანა არგანაშვილის განმარტებით, პანდუსი, რომელიც მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, მხოლოდ თვალის ასახვევად კეთდება.
„როგორც მოგეხსენებათ, პანდუსს აქვს თავისი მოთხოვნები, თუ ამას არ დააკმაყოფილებს, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ბარგის და სიმძიმის ასატანი და არა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი. როდესაც ის კეთდება, ერთის მხრივ, შემკვეთიც უნდა აკონტროლებდეს და მეორეს მხრივ, თავად ფირმასაც უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სტანდარტების შესახებ. თუ დანიშნულებას ვერ აკმაყოფილებს, მუნიციპალიტეტმა არ უნდა ჩაიბაროს. ასეთი პანდუსი, ჯობია, რომ საერთოდ არ იყოს, რადგან ის მხოლოდ თვალის ასახვევად კეთდება. ამ შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს დიზაინი, რომ არც სტანდარტი იყოს დარღვეული და არც სხვებისთვის შეიზღუდოს სივრცე. პანდუსები უნდა იყოს აბსოლუტურად ყველგან , რადგან ეტლით მოსარგებლეებს, ისევე როგორც სხვა მოქალაქეებს, შეეძლოთ ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში წვლილის შეტანა. “

როგორც გურჯაანის მუნციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, სამუშაოები შპს „მოხელემ “ შეასრულა, რომელიც პარალელურად ადმინისტრაციული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც ახორციელებს, პროექტის ღირებულება 26 220 ლარია. მათივე თქმით, ამჟამად პანდუსი მხოლოდ ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაში გაკეთდა და ახლო მომავალში მისი მოწყობა სხვაგან არ იგეგმება.

| Print |
FaceBook Twitter Google