საზოგადოება
შსს-მ რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული მწყემსი დააბრუნა
19 ივლისს სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს (ლაგოდეხი) სასაზღვრო სექტორ „შილდას“ მწყემსმა აცნობა, რომ 18 ივლისს, საძოვრიდან მხოლოდ ცხვრის ფარა დაბრუნდა, მისი ნაცნობი მწყემსი კი, საქართველოს მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ზურაბ ჩახტაური გაუჩინარდა.
უწყების ინფორმაციით, შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გაირკვა, რომ იგი, სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაღესტნის მხარეს, სასაზღვრო ზოლის დარღვევის გამო დააკავეს.

ასევე გაირკვა, რომ ზურაბ ჩახტაურს სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხვრის ძოვების უფლება და სპეციალური საშვი ჰქონდა.

21 ივლისს რუსმა მესაზღვრეებმა ქართველი მწყემსი საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ბლოკ-საგუშაგო „ვებოს“ დასაცავ მონაკვეთზე ქართულ მხარეს გადმოსცეს.

ზურაბ ჩახტაური სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენის საშუალებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.



| Print |
FaceBook Twitter Google