საზოგადოება
უვიზო რეჟიმის ვადა სამიათასმა საქართველოს მოქალაქემ დაარღვია
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 55 ათასმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა, რომელთაგან 90 დღის ვადაში საქართველოში ამ ეტაპზე 3 ათასი არ დაბრუნებულა.

ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის პირები, რომლებიც ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულან, სამინისტროს იდენტიფიცირებული ჰყავს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ აღნიშნულმა 3 ათასმა ადამიანმა ევროკავშირთან არსებული 90-დღიანი უვიზო რეჟიმი დაარღვია, ვინაიდან, შესაძლებელია, ამ მოქალაქეების ნაწილი ისეთ ქვეყანაში გადავიდა, რომელთანაც საქართველოს ასევე უვიზო რეჟიმი აქვს.

"შეიძლება მათგან ზოგი უკრაინაში გადავიდა, ზოგი - ბელორუსში, ზოგი - თურქეთში. ცალსახად მათზე ვერ ვიტყვით, რომ 90-დღიანი უვიზო რეჟიმის დამრღვევები არიან, მაგრამ ჩვენ ეს ხალხი ჩასმული გვყვავს პოტენციურ რისკ ჯგუფში და ვუწევთ მონიტორინგს, რომელი რეგიონებიდან წავიდნენ, ვინ არიან, რა კავშირები აქვთ, პოტენციურად რა შეიძლება აინტერესებდეთ და ა.შ. ძირითადად დიდი რისკები ჯერჯერობით არ გვქონია, ვინაიდან დიდი მასა, რაც გადის ქვეყნიდან, უკან ბრუნდება. იმ ქვეყნებიდანაც სადაც საქართველოს მოქალაქეები ჩადიან, ჯერჯერობით სიგნალები არ გვაქვს", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, აღნიშნულ მონაცემებში არ შედიან ის პირები, რომლებმაც სახმელეთო საზღვრებით ისარგებლეს.


| Print |
FaceBook Twitter Google