საზოგადოება
როგორ დავიცვათ თავი ზაფხულში ინფექციისგან
ბოლო პერიოდის მანძილზე მოსახლეობაში გახშირდა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დიარეა, გულისრევის შეგრძნება და პირღებინება. პაციენტების უმრავლესობა ამ გარემოებას ჰაერის მაღალ ტემპერატურას უკავშირებს.


speqtri.ge დაინტერესდა, რეალურად რა არის ამის მიზეზი და რამდენად გახშირდა ექიმთან მიმართვიანობა მსგავსი სიმპტომებით. ამ და სხვა საინტერესო კითხვებით, გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგს მარინა კაპანაძეს მივმართეთ.
„მსგავსი სიმპტომები უფრო ხშირია ზაფხულის პერიოდში, როდესაც სიცხე მატულობს. ივლისის თვეში სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეის, სულ 24 შემთხვევა დაფიქსირდა. სავარაუდოს იმიტომ ვამბობთ, რომ არ ხდება ლაბორატორიული შემოწმება. მსგავსი სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი მიზეზით: საკვებით, თუ ის არასათანადო პირობებშია დაცული, დიდი რაოდენობით ხილის ან ბოსტნეულის მიღების დროს და ა.შ. რაც შეეხება ინფექციური წარმოშობის დიარეას, ის აუცილებლად მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს. თავბრუსხვევა, ღებინება შეიძლება გამოწვიოს ასევე არასათანადოდ გარეცხილმა ხილმა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ხილიც და ბოსტნეულიც ათასგვარი შხამ-ქიმიკატებით იწამლება.“

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობამ გარკვეული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს.
„პირველ რიგში, ადამიანი სიცხეს უნდა მოერიდოს. ასევე ზაფხულში მატულობს მწერების რაოდენობა, შეიძლება ბუზმა გადაიტანოს ესა თუ ის ბაქტერია. კვების პროდუქტები და სასმელები უნდა გამოვიყენოთ სწორად: საკვები უნდა იყოს მომზადებული კეთილსაიმედოდ და სასურველია, იყოს ახალი. თუ ვინახავთ საკვებს, ის სათანადო პირობებში უნდა შევინახოთ. ხილი, ბოსტნეული - ყველაფერი, რასაც უმად მივირთმევთ, უნდა იყოს საგულდაგულოდ გარეცხილი. აუცილებლად დავიცვათ ჰიგიენის წესები. ხშირად დავიბანოთ ხელები. არაფრის აკრძალვა არ არის საჭირო, უბრალოდ ზომიერად უნდა ვიკვებოთ.“

მისივე განმარტებით, გასულ წელთან შედარებით მსგავსი შემთხვევების მატება არ აღინიშნება.

| Print |
FaceBook Twitter Google