საზოგადოება
კვლევისთვის აღებულ კვერცხის 60 ნიმუშში დარღვევა არ დაფიქსირდა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ქვეყნის მასშტაბით მეფრინველეობის ფერმებისა და კვერცხის მწარმოებლების, შემოწმება განახორციელა.

უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს, მეფრინველეობის ფერმებსა და კვერცხის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან 81 შემოწმება (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) ჩატარდა. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია კვერცხის 60 ნიმუში, საიდანაც დარღვევა არცერთში არ გამოვლინდა. მეფრინველეობასა და კვერცხის წარმოებაში ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, სულ გამოვლინდა 6 შეუსაბამობა, რომელიც ეტიკეტირების წესის დარღვევას უკავშირდება.

2013 წლის მაისში „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“ N90 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, კვერცხის სავალდებულო ეტიკეტირების წესი განისაზღვრა, რაც ბიზნესოპერატორს ავალდებულებს სარეალიზაციოდ განთავსებულ კვერცხზე მიუთითოს კვერცხის წარმოშობის ქვეყანა და წარმოების თარიღი.

ფრინველის კვერცხი ერთ-ერთი ფართოდ მოხმარებადი სასურსათო პროდუქტია. საქართველოს მოსახლეობა წლიურად დაახლოებით 550 მლნ ცალ კვერცხს მოიხმარს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში წარმოებული ფრინველის კვერცხი სრულად აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს. 2016 წლის მონაცემით, საქართველოში 590 მლნ კვერცხი იქნა წარმოებული. შესაბამისად, ქვეყანაში კვერცხის იმპორტის რაოდენობა მინიმალურია (გარდა ინკუბირებისთვის შემოტანილი კვერცხისა). მიმდინარე წელს დაგეგმილია კვერცხის 245 ნიმუშის სხვადასხვა მაჩვენებლებზე კვლევა.
| Print |
FaceBook Twitter Google