საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს.
თუ პირი თავს შეუძლოდ იგრძნობს და ექნება თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს გრილ ადგილას და გაიზომოს სხეულის ტემპერატურა, მიიღოს წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.

იმ შემთხვევაში კი, თუ აღენიშნება კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ურჩევს, თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართონ ექიმს.

მათივე ცნობით, თუ ადამიანს კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, აქვს კრუნჩხვები ან გონება დაკარგა, საჭიროა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება ან ოჯახის ექიმთან დაკავშირება.

„სასწრაფო დახმარების მოსვლამდე პირი გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 25-30C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონებადაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

უწყების ცნობითვე,  დღის განმავლობაში ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32C, ხოლო ღამით-  24C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, ასევე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.


| Print |
FaceBook Twitter Google