საზოგადოება
დაწესებულებები 15 აგვისტოდან ხმაურისთვის დაჯარიმდებიან
მთავრობამ უკვე განსაზღვრა ხმაურის დასაშვები ნორმა, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებისთვის სხვადასხვაა.


პირველი არხის ინფორმაციით, საცხოვრებელსა და საძინებელში დღისით შემღწევი ხმაური 35 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს, ღამით კი 30-ს.
სავაჭრო დაწესებულებებში ხმაურის დასაშვები ნორმა 55 დეციბელია. სამედიცინო სამკურნალო დაწესებულებებში 40-ზე მეტი დეციბელი ხმაურის გამოწვევა დაჯარიმდება.

სასწავლო დაწესებულებებსა და სამკითხველოებში კი ხმაური 35 დეციბელზე მეტი არ უნდა იყოს.თუ ბარებსა და რესტორნებს ექვს და უფრო ნაკლებ სართულიანი კორპუსი ესაზღვრება, დღის საათებში დასაშვები ნორმა 50 დეციბელია, ხოლო ღამით 40. მაღალსართულიანი კორპუსების მიმდებარედ ხმაურის დასაშვები ნორმა დღისით 55, ხოლო ღამით 45 დეციბელია.

ხმაურის გამომწვევი ფიზიკური თუ იურიდიული პირი თავდაპირველად გაფრთხილებას მიიღებს, განმეორების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული 500 ლარით დაჯარიმდება. შემდეგში კი ჯარიმის რაოდენობა გაორმაგდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები ძალაში 15 აგვისტოდან შედის

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ჯარიმა / ხმაური /