საზოგადოება
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს საქართველოში ჩამოაბრძანებენ
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები საქართველოს 6 თვით დაუბრუნდება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ინდოეთთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.

მათივე ცნობით, დაგეგმილია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოს რეგიონებში ტრანსპორტირება, გამოფენების მოწყობა და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება, სადაც ქეთევან დედოფალთან დაკავშირებული მემკვიდრეობის კვლევისა და კონსერვაციის საკითხებს განიხილავენ.

„ეროვნული მუზეუმის გარდა, ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები გადასვენებული იქნება სამების ტაძარში და საქართველოს მასშტაბით ყველა ეპარქიაში და მორწმუნეებს მათი მოლოცვის საშუალება ექნებათ“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ისტორიული წყაროების მიხედვით,  კახეთის დედოფალი ქეთევანი 1613 წელს შაჰ-აბასის ლაშქრობის დროს ტყვედ აიყვანეს. დედოფალმა უარი თქვა, შეეცვალა სარწმუნოება, რის გამოც 1624 წელს ის ქალაქ შირაზში წამებით მოკლეს. დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი მალულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში გადაასვენეს. მოგვიანებით კი, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოაბრძანეს. ისინი ალავერდის ტაძარში 1723 წლამდე ინახებოდა, შემდეგ კი დაიკარგა.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები წაიღეს გოას წმინდა ავგუსტინეს სახელობის მონასტერში, ასევე, ვატიკანში და ბელგიაში. გოაში მდებარე მონასტერი მე - 19 საუკუნის დასაწყისში განადგურდა. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს სამეცნიერო ექსპედიციები ინდოეთში სხვადასხვა დროს ეძებდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google