საზოგადოება
ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები კახეთში
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ კახეთის რეგიონში გავრცელებული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

ევროპული სტილით დაყენებული თეთრი ღვინის 16 ნიმუში მეღვინეებმა შემდეგი პარამეტრებით შეაფასეს - შეფერილობის ინტენსივობა, ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი), სანელებლები,ყვავილოვანი ტონები, ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლოტრები, პიტნა), სიმჟავე, ტანინი/სხეულიანობა, სიმწკლარტე/სიუხეშე და ალკოჰოლის შეგრძნება.

საუკეთესოებად რქაწითელი, რქაწითელი ვარდისფერი, მამალი რქაწითელი, მცვივანი კახური, მწვანე კახური და მირზაანული დასახელდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებულია და ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებულია ვაზის 437 ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა. ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენის პარალელურად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პერსპექტიული ჯიშებისგან ღვინის დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს, რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში ჩართვა მოხდეს.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახური ღვინო /