საზოგადოება
სოფელ ლალისყურის ტერიტორიაზე დაშავებული შველი იპოვეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურის მიმდებარედ ნაპოვნ დაშავებულ შველთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
-"გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების მიხედვით, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურთან, საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ, მოქალაქემ დაზიანებული შველი შენიშნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები დაუყოვნებლივ გავიდნენ მითითებულ ადგილზე. შველს აღენიშნებოდა სამი კიდურის ღია მოტეხილობა, რომელიც, სავარაუდოდ, ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო. ვეტერინართა კონსულტაციით, გადაწყდა, რომ შველი, დროებით, დარჩეს ადგილზე, ტრანსპორტირებით გამოწვეული შესაძლო გართულებების გამო. ამ დროისთვის, ცხოველი იმყოფება ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა."- ნათქვამია განცხადებაში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, როგორც ავტო-საგზაო შემთხვევის, ასევე გარეული ცხოველის დაზიანების ფაქტზე.
| Print |
FaceBook Twitter Google