საზოგადოება
თელავში ნაპოვნი შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა
თელავის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე დღის წინ ნაპოვნი შვლის გადარჩენა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ვეტერინარების მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.

შველის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო - საბოლოოდ, მას მოტეხილ კიდურებზე განგრენა განუვითარდა. ცხოველის გვამის უტილიზაცია დადგენილი პროცედურების დაცვით მოხდება. შველი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ, სოფელ მაღრაანში იმყოფებოდა და ყველა საჭირო პროცედურა ადგილზე უტარდებოდა. მისი გადაყვანა, ვეტერინართა კონსულტაციით, ტრანსპორტირებით გამოწვეული მაღალი რისკის გამო, მიზანშეწონილი არ იყო.

შეტყობინება, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურთან შემჩნეული დაზიანებული შვლის თაობაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოვიდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები დაუყოვნებლივ გავიდნენ მითითებულ ადგილზე. შველს, რომელიც საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ იმყოფებოდა, სამი კიდურის ღია მოტეხილობა აღენიშნებოდა. დაზიანებები ცხოველმა, სავარაუდოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შველი / თელავი /