საზოგადოება
თანხების არათანაბრად გადანაწილებამ დეპუტატების უკმაყოფილება გამოიწვია
საკრებულოს სხდომაზე 2018 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების სია განიხილეს.

საკითხი დეპუტატებმა კენჭისყრით მოიწონეს, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა უკმაყოფილება გამოთქვა. სოფელ ჭანდრის დეპუტატის ბეჟან კავილაძის თქმით, მისი უკმაყოფილება სოფლებზე თანხების არასწორად გადანაწილებამ გამოიწვია.
„ერთ სოფელზე თუ მილიონობით ლარი იხარჯება, რატომ ჭანდარზე არ შეიძლება იგივე დაიხარჯოს. ეს პირველი შემთხვევა არ არის. პასუხი სულ ერთი და იგივეა- გაკეთდებაო. წელს რეგფონდებიდან დასაფინანსებელ სიაში არცერთი პროექტი არ არის ჩასმული. მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტიდან კეთდება სანიაღვრე არხები და ისიც პატარა უბანში. მომავალი წლისთვის გვპირდებიან „ბაქნის უბნის“ დაფინანსებას. რაც მეტი გაკეთდება ქვეყანაში, მით უკეთესი იქნება.“

როგორც საკრებულოს წევრმა ზაქარია ქაჩლიშვილმა განაცხადა, ისინი სიტუაციის დაბალანსებას ცდილობენ.
„არის 19 პროექტი ჯამური თანხით 4 მილიონნახევარი და ასევე მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან განსახორციელებელი პროექტები - ჯამური თანხით მილიონ 200 ათასი ლარი. ძირითადად მოხდება ჭაბურღილების რეაბილიტაცია, გზების მოასფალტება, ხიდ-ბოგირების შეკეთება. დეპუტატებმა ერთხმად მოიწონეს, თუმცა რამდენიმემ გამოთქვა ცოტა უკმაყოფილება. მეტნაკლებობა ყოველ წელ ხდება სოფლებში. ერთ წელიწადს რომ ერთგან იხარჯება მეტი თანხა, მეორე წელს - მეორეგან. ვცდილობთ, სიტუაცია დავაბალანსოთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს თანაბრად მოუგვარდეს ყოფითი პრობლემები.“
მისივე თქმით, პროექტებისთვის გათვალისწინებული თანხა ბიუჯეტის დაგეგმარების დროს აისახება. იანვრის თვიდან კი ტენდერები გამოცხადდება.

გთავაზობთ გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2018 წელს დასაფინანსებელი პროექტების ნუსხას:
1. სოფელი კარდენახი- სასაფლაოს გზის მოასფალტება და ცენტრალური გზიდან საუბნო გზებზე ჩასასვლელი ბეტონის საფარის მოწყობა - 742 291 ლარი.
2. ქალაქი გურჯაანი- კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია- 300 000 ლარი.
3. სოფელი ძირკოკი- შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია- 235 000 ლარი.
4. სოფელი ველისციხე- სასაფლაოს გზის მოასფალტება- 340 000 ლარი.
5. სოფელი ზეგაანი - შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია- 390 000 ლარი
6. სოფელი ბაკურციხე- შიდა სასოფლო გზის მოასფალტება (სამადაანთ უბანი)- 250 000 ლარი.
7. სოფელი მუკუზანი- შიდა სასოფლო გზების რებილიტაცია- 390 000 ლარი
8. სოფელი ვეჯინი - ჰესის უბნის გზის მოასფალტება- 324 000 ლარი
9. სოფელი ჩუმლაყი- „კოშკის“ სასაფლაოს გზის რეაბილიტაცია- 390 000 ლარი.
10. სოფელი ჭანდარი- შიდა საუბნო გზის (უროიანის გზა) რეაბილიტაცია- 335 000 ლარი.
11. სოფელი ველისციხე - 2 წაბურღილის მოწყობა- 220 000 ლარი.
12. სოფელი კოლაგი- ჭაბურღილის მოწყობა - 110 000 ლარი.
13. სოფელი გურჯაანი- სკოლის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია- 203 000 ლარი
14. სოფელი ახაშენი- სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია- 178 000 ლარი
15. ქალაქი გურჯაანი - ვაჟა-ფშაველას ქუჩის (ქვაფენილის ზემოთ) მოასფალტება- 102 000 ლარი.
16. ქალაქი გურჯაანი- მარჯანიშვილის ქუჩის მოასფალტება - 70 000 ლარი.
17. ქალაქი გურჯაანი- შარტავას ქუჩის მოასფალტება- 85 000 ლარი.
18. ქალაქი გურჯაანი- ფურცელაძის ჩიხში არსებული საკანალიზაციო სანიაღვრე კოლექტორის სარეაბილიტაციო სამუშაოები- 52 430 ლარი.
19. სოფელი გურჯაანი- ქვემო წითელ უბანში ჭაბურღილის მოწყობა- 110 000 ლარი.

საქართველოს მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან 2018 წელს დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა:
1. სოფელი არაშენდა, დარჩეთი - შიდა საუბნო გზი რებილიტაცია- 577 571 ლარი
2. სოფელი ნანიანი, არაშენდა- სოფელ ნანიანისა და არაშენდის დამაკავშირებელი გზისა და ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია- 330 137 ლარი.
3. სოფელი არაშენდა - ჭაბურღილის მოწყობა- 97 923 ლარი
4. სოფელი ჭერემი- შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია- 363 510 ლარი.



| Print |
FaceBook Twitter Google