საზოგადოება
ახაშენში ამბულატორიის პრობლემა მიმდინარე წელს ვერ მოგვარდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის, ვეჯინისა და ახაშნის ამბულატორიებში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას წლებია ითხოვენ.
წვიმის დროს, სოფელ ვეჯინში ექიმები საკონსულტაციოდ მისულ პაციენტებს ქოლგით ხელში ემსახურებიან, ბენეფიციარების მიღება ცუდ პირობებში უწევთ სოფელ ახშნისა და ბაკურციხის მედიკოსებსაც.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განაცხადეს, ამ კუთხით მიმდინარე წელს პრობლემები სოფელ ვეჯინსა და ბაკურციხეში გადაიჭრება, ახაშენში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელსაა დაგეგმილი.

-„გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა სამში სერიოზული ინფრატრუქტურული პრობლემები გვქონდა. ესენია, სოფელი ბაკურციხე, ვეჯინი და ახაშენი. მიმდინარე წელს, სოფელ ბაკურციხის ამბულატორიას უკვე ჩაუტარდა რეაბილიტაცია, შერემონტდა ორი ახალი სკრინინგ ოთახი და მოეწყო ჰიგიენური წერტილი. რაც შეეხება ვეჯინს, აქ ახალი ამბულატორია შენდება.“- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ვეჯინის ამბულატორიის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 57 155 ლარი დაიხარჯება, ხოლო ბაკურციხის ამბულატორიის რეაბილიტაციისთვის 12 840 ლარი.
| Print |
FaceBook Twitter Google