საზოგადოება
ცესკო ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ინფორმაციას ჟესტურ ენაზე მიაწვდის
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრში ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს ინფორმაციის მიღება ვიდეოზარის მეშვეობით, ჟესტურ ენაზე შეეძლებათ.

ახალი სერვისის პრეზენტაცია ცესკოში გაიმართა და მას ცესკოში შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრები და ყრუთა კავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ.
უწყების ინფორმაციით, სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია, რის შემდეგაც ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს ვიდეო ზარის საშუალებით საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით ინფორმაციის ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორებისგან მიღება შეეძლებათ. მათ, ასევე საშუალება ექნებათ გადაამოწმონ პირადი მონაცემები და მისამართი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. შეხვედრაზე განხორციელდა საჩვენებელი ვიდეოზარიც.
როგორც ყრუთა კავშირის პრეზიდენტმა ამირან ბატატუნაშვილმა განაცხადა, ახალი სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმით, რომ ის ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით და ვიდეოზარით სარგებლობას რეგიონში მცხოვრები ამომრჩევლებიც შეძლებენ. მისივე თქმით, ცესკოს ახალი სერვისი კომუნიკაციის პრობლემის მოხსნის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

| Print |
FaceBook Twitter Google