საზოგადოება
ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში ყურძენს ექვსი ქარხანა იბარებს
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 2,6 ათას ტონას მიაღწია. 11 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18.6 ათასი ტონა ყურძენი. მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით უკვე 18 მლნ-მდე ლარი მიიღეს. ღვინის ექსპორტის ზრდა იმის წინაპირობაა, რომ ყურძნის ფასი იყოს მაღალი და გაიზარდოს მეევენახეების შემოსავალი, რაც დაფიქსირდა კიდეც 2017 წლის რთველის პროცესში“, - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა
ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 132 ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 67.
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 7,1 ათასი ტონა, სიღნაღი - 4,2 ათასი ტონა, თელავი - 2,7 ათასი ტონა, გურჯაანი - 1,9 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,7 ათასი ტონა, ახმეტა - 628 ტონა, ლაგოდეხი - 300 ტონა და საგარეჯო - 193 ტონა. მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 7 ათასი ტონა რქაწითელი, 9,3 ათასი ტონა საფერავი, 828 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო -საკონსულტაციო სამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში საფერავს ოთხი, ხოლო რქაწითელს ორი ქარხანა იბარებს.




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / რთველი /