საზოგადოება
„საუკუნის ნათლობა“ ჭერემში
10 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, პირველი ნათლობა გაიმართა. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში პატარა დაჩი ბარბაქაძე მონათლეს.

როგორც მშობლები ამბობენ, გადაწყვეტილება სიმბოლურ ხასიათს ატარებდა.
-„პაპა წარმოშობით ჭერემიდან იყო. მინდოდა, ჩვენი შვილიც ამ მამაპაპისეულ სოფელში მონათლულიყო, იქ, სადაც ჩვენი საგვარეულო ფესვებია. ვიცოდით, რომ ჭერემში ნათლობები არ იმართებოდა, ამიტომ ვკითხეთ მამა ილიას, რამდენად შესაძლებელი იყო ცერემონიის იქ ჩატარება. მას უარი არ უთქვამს და დაჩი სწორედ, ჭერემში, წმ გიორგის სახელობის ეკლესიაში გაქრისტიანდა. მინდა ამისთვის დიდი მადლობა გადავუხადო მამა ილიას.“- ამბობს გურჯაანში მცხოვრები ლევან ბარბაქაძე.

გურჯაანის სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მამა ილიას თქმით, ზუსტად არავინ იცის როდის შეწყდა სოფელში მღვდელმსახურება, მაგრამ მიაჩნია, რომ ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნათლობის ფაქტი მეტად მნიშვნელოვანი იყო.
-„ჩემი ვარაუდია, რომ თითქმის საუკუნეზე მეტია, სოფელში ნათლობა არ ჩატარებულა, ამიტომ ეს ფაქტი სასიხარულო იყო. სიმბოლურია, რომ ჭერემში დაჩი მოინათლა. სურვილი მაქვს, იქ არამარტო ნათლობები, არამედ ჯვრისწერებიც გაიმართოს, სოფელი გამოცოცხლდეს და ხალხმა მეტი სარგებელი ნახოს იმ რესურსებისგან, რაც ჭერემს გააჩნია. “

უკვე მეორე წელია, მამა ილია, თავისი კეთილი ნებით, წირვა-ლოცვას აღავლენს სოფელ ჭერემში, სადაც საკუთარ კერას მხოლოდ 20 კომლიღა შემორჩა. მისი სურვილია, ხალხი მშობლიურ მიწა-წყალს დაუბრუნდეს.

ჭერემი, რომელიც ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარეობს, მეფე ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის მეორე ნახევარში დააარსა და ტახტის მემკვიდრეს, დაჩის უბოძა. ჭერემი კახეთის პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო, რასაც ხელი შეუწყო მისმა ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. ჭერემზე გადიოდა შიდა და გარე კახეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა (ველისციხე-ჭერემი-ჩაილური). იქ არაერთი ისტორიული ძეგლია, მათ შორის ვახტანგ გორგასლის სასახლე, რომელიც 1984-1985 წლებშია აღმოჩენილი. ასევე, ღვთისმშობლის სახელობის საეპისკოპოსო ტაძარი (X-Iსს), ეპისკოპოსის სასახლე (VIII-IXსს.), წვეროდაბლის თელეთის წმინდა გიორგის სახელობის (V), წმინდა ბარბარეს (V) და მამადავითის ეკლესიები (V).

| Print |
FaceBook Twitter Google