საზოგადოება
დღეიდან პოლიციელები წინასაარჩევნო აგიტაციის თავისუფალ გარემოში წარმართვაზეც იზრუნებენ
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა.

ბრძანება ძალაში დღეს შევიდა, რომლის შესაბამისად, სამართალდარღვევების პრევენციის, ასევე, მათზე დროული და შესაბამისი რეაგირებისთვის, საქართველოს თითოეულ რეგიონში შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ მოსალოდნელი საფრთხეების გამომწვევი მიზეზების გამოვლენასა და რისკების მუდმივი შეფასებას.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პირველად, შს მინისტრის ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან არჩევნების დღემდე, პასუხისმგებელი ჯგუფები თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ, წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობისთვის სათანადო ზომების მიღებას.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო და თვითმმართველობის პროექტების კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ მსგავსი ტიპის დოკუმენტის შედგენა მეტად მნიშვნელოვანია.

"წინა წელსაც გვქონდა ანალოგიური პრაქტიკა, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრმა მსგავსი ტიპის რეგულაცია გამოსცა, თუ როგორ რეაგირებას მოახდენდა სამართალდამცავი ორგანოები სავარაუო ძალადობის ფაქტებზე, რომელიც შეიძლება კენჭისყრის დღეს მომხდარიყო. გასული წლისგან განსხვავებით, წინასაარჩევნო პერიოდის კომპონენტიც დაემატა. განისაზღვრა, როგორ უნდა მოახდინონ პრევენციული ღონისძიებები და როგორ აღკვეთონ კონკრეტული ფაქტი სააგიტაციო ღონისძებების წარმოებისას. ვფოიქრობთ, მსგავსი ტიპის დოკუმენტის შედგენა მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ხელს შეუწყობს უსფართხო საარჩევნო გარემოს. თუმცა მეორე საკითხია, მისი პრაქტიკაში გამოყენება როგორ მოხდება. აუცილებელია ღონისძებები პროპორციული და დასაბუთებული იყოს. როდესაც სამართალდამცველები პრევენციულ ღონისძებებს გაატარებენ, დისტანცირებულნი უნდა იყვნენ, რათა არ აღიქმებოდეს ისე, თითქოს საარჩევნო-პოლიტიკურ საკითხებში ერევიან."

შს მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, პოლიციელი ვალდებულია როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი.

კენჭისყრის დღეს - 21 ოქტომბერს პასუხისმგებელი ჯგუფები სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განახორციელებას, ასევე, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის შემთხვევაში, საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მეშვეობით, კენჭისყრის შენობაში პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები / შსს /