საზოგადოება
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლა ერთიანობისთვის 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა. ამ დღეს სეპარატისტებმა ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. საქართველოს კი, შეთანხმების თანახმად, ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი ჰყავდა. მასობრივ შემოტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს. ქალაქი საბოლოოდ დაეცა.

რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს. ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი. ტყვედ აყვანილი ადამიანები, რომლებმაც სოხუმი არ დატოვეს, დახვრიტეს.

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა. 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს – ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს – გალი.



| Print |
FaceBook Twitter Google