საზოგადოება
პირველად გურჯაანში ღვინის ფესტივალი ჩატარდება
6 ოქტომბერს პირველად გურჯაანში კურორტ „ახტალის“ ტერიტორიაზე ღვინის ფესტივალი გაიმართება.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ეკა ცისკარაშვილის ინფორმაციით, ფესტივალი ღვინის კვირეულის ფარგლებში ტარდება. წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 50 ღვინის კომპანია, ასევე დიდი და მცირე მარნები და გლეხის მიერ ქვევრში დაყენებული ღვინო. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პირველიდან ხუთ საათამდე დააგემოვნონ საუკეთესო კახური ღვინო და შეიძინონ ხელმისაწვდომ ფასად.

როგორც ეკა ცისკარაშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ღვინის, ჭაჭისა და მაჭრის გარდა, მოეწყობა ხელნაკეთი ნივთებისა და თემატური ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ჩატარდება კონკურსი.
„ღვინის ფესტივალზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლი „ხარება“, „ქართული ხმები“ და ქორეოგრაფიული ანსამბლები. კონცერტის მიმდინარეობის პერიოდში მოეწყობა სახალისო გათამაშება, დაისმება კითხვები, სწორი პასუხის შემთხვევაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური საჩუქრებით. წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და გაკეთდება თათარა. ჩვენ ვიღებთ სტარტს იმისთვის, რომ შემდგომში ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ღვინის ფესტივალს. ფესტივალის მიზანია ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და ქართული ტრადიციების გაცნობა როგორც უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის.“

მისივე თქმით, გურჯაანის „ღვინის ფესტივალი 2017 “ ხორციელდება გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის პატრონაჟით. მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.







| Print |
FaceBook Twitter Google