საზოგადოება
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები გურჯაანის სამების ტაძარში
დღეს ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები, ალავერდიდან გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში გადმოაბრძანეს. ეკლესიასთან მას მრავალრიცხოვანი მრევლი დახვდა.

მარიამ გილიგაშვილის თქმით, დღევანდელი დღე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ყოველთვის მინდოდა, წმინდა ნაწილების ახლოს ნახვა და მოლოცვა. დღეს ჩემი ოცნება ახდა. ძალიან ბედნიერი ვარ და მჯერა, ყველა აქ მყოფი ასეთ გრძნობას განიცდის. ღმერთი იყოს ჩვენი და მთლიანად საქართველოს მფარველი. “

მღვდელ-მონაზვნის მამა ილიას თქმით, წმინდა ნაწილები ტაძარში თერთმეტ ოქტომბრამდე დარჩება.
„დღეს მობრძანდა დიდმოწამე ქეთევანის კახთა დედოფლის ნაწილები. ეს ჩვენი ისტორიის შეხსენებაა ყველა მართლმორწმუნე ადამიანისთვის, რომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი სამშობლო ისე, როგორც ქეთევანმა შეიყვარა და თავი გასწირა. დღევანდელ პერიოდში ხალხს ამის შეხსენება ხშირად სჭირდება, რადგან ადამიანს თავის საზრუნავში სძინავს. მისი გონება სულ სადღაც არის და არ სცალია სულისთვის. ამის გამო სული კნინდება. დაკნინებული სული კი ვერ შესძლებს ერთგულებას და თავდადებას. არადა, ამაზე დგას მთელი სამყარო. ქეთევანმა ისე წმინდად იცხოვრა, რომ ჩვენ მის წმინდა ნაწილებს დიდი პატივით ვექცევით. ყველა ჩვენგანს უნდა შეეძლოს ასე ცხოვრება.“

მამა ილიას თქმით, თერთმეტ ოქტომბერს, დილით ჩატარდება წირვა-ლოცვა. ამის შემდეგ საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი მეუფე ლუკა წმინდა ნაწილებს, მათ ეპარქიაში გადაასვენებს.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოაბრძანესს და საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება.


| Print |
FaceBook Twitter Google