საზოგადოება
გურჯაანში საქართველოს ფოსტის ახალი სერვისცენტრი გაიხსნა
დღეს გურჯაანში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საქართველოს ფოსტის სერვისცენტრი გაიხსნა.

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის თქმით, დღეიდან მოსახლეობა თბილისში არსებული საფოსტო მომსახურების ანალოგიური სერვისების მიღებას შეძლებს.
„ახალი კონსტრუქციის სრულად ავტომატიზირებული შენობა მზად არის . გურჯაანელები მიიღებენ ყველა საფოსტო პროდუქტს. ეს იქნება ნებისმიერი გზავნილი წერილობითი თუ ამანათის სახით. საფოსტო სერვისცენტრი მოსახლეობას მაღალი ხარისხით მოემსახურება . რაც შეეხება ძველ შენობას, მას აღარ გამოვიყენებთ, რადგან მოუხერხებელი იყო მსგავსი პროდუქტის ადმინისტრირებისთვის. “

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი საფოსტო მომსახურება ყველა მუნიციპალიტეტში იყოს.
„გილოცავთ კარგი და კომფორტული სერვისი შემოემატა გურჯაანის მუნიციპალიტეტს. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს უცხოეთში. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საქართველოს ფოსტის ახალი ოფისი კარგი დახმარება იქნება მათთვის, ვისაც საერთაშორისო გზავნილებით სარგებლობა უნდა. ამის გარდა, სხვა კიდევ უამრავი სერვისია. “

როგორც სერვისცენტრების მართვის დეპარტამენტის უფროსმა მერი ბასილაშვილმა განმარტა, დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის 82 სერვისცენტრი ფუნქციონირებს, აქედან 28 სრულად ავტომატიზირებულია და მომხმარებელს თანამედროვე კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. 2017 წლის ბოლომდე საქართველოს ფოსტა კიდევ სამი საფოსტო ცენტრის განახლებას გეგმავს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / ფოსტა /