საზოგადოება
გურჯაანის საარჩევნო ოლქში გადასატანი ყუთით 1268 ამომრჩეველი ისარგებლებს
21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში N12 გურჯაანის საარჩევნო ოლქში გადასატანი ყუთით 1268 ამომრჩეველი ისარგებლებს.

„მონაცემები შემოსული განცხადებების მიხედვით გვაქვს დაწერილი. გადასატანი ყუთის მსურველთა რაოდენობა თითოეულ უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს. ასეთი შემთხვევა გვქონდა: მე-20, 34-ე და 45-ე უბნებზე. მათ მოგვმართეს განცხადებებით, რომელიც საოლქომ განიხილა და დააკმაყოფილა,“-აღნიშნა გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნმა მადონა ჯავახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრის დღეს, გადასატანი ყუთით სარგებლობა საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, შეუძლია ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა, იმყოფება პატიმრობაში ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში, მკურნალობის კურსს გადის საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში, მსახურობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე განლაგებულ სამხედრო ნაწილში ან სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფში, რომელიც საარჩევნო უბნიდან შორს მდებარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google