საზოგადოება
საქველმოქმედო კონცერტი გურჯაანში
რამდენიმე დღის წინ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი ''ხელი-ხელს'', რომელიც კახიფარში მცხოვრები 26 წლის გიორგი ბენიძის დასახმარებლად გაიმართა.
ის რამდენიმე კვირის წინ ავარიაში მოჰყვა და მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო. წამყვანისა და ორგანიზატორის მარიამ (ციცო) ლაზაშვილის თქმით, საქველმოქმედო კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა.
„გიორგი სოფელ კახიფარიდან არის და სამი თვის დაოჯახებულია. ავარიის დროს მანქანა აფეთქდა და მძიმე დამწვრობა მიიღო. დასჭირდა მრავალჯერადი ოპერაცია, ამ წუთასაც საავადმყოფოში წევს. ეს ამბავი სრულიად შემთხვევით გავიგე. ჩემთვის სიკეთის თესვა ძალიან დიდი ბედნიერებაა, ამიტომ გულთან მივიტანე მისი მდგომარეობა. ხელოვანი ადამიანები დამიდგნენ გვერდში და საქველმოქმედო კონცერტი ერთად გავაკეთეთ. კახიფრისა და ვაჩნაძიანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის ლია გოლეთიანისა და საბავშვო ბაღის მუსიკის მასწავლებელის მარინა საყვარლიშვილის დახმარებით, მოვახერხეთ ბილეთების რეალიზაცია. იყო შესაწირი ყუთიც. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მუნიციპალიტეტის გამგებელს და კულტურის ცენტრის ადმინისტრაციას, კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელს დათო ნაცვალაშვილს და მთელ კოლექტივს. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო „სპექტრს“ გვერდში დგომისთვის და გაშუქებისთვის. “

როგორც ჩვენთან საუბარში ვაჩნაძიანისა და კახიფარის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტმა ლია გოლეთიანმა აღნიშნა, ეს თანხა ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„გიორგის მეოთხე ხარისხის დამწვრობა აქვს და საშინელ მდგომარეობაშია. ოჯახს რაც ჰქონდა, ყველაფერი გაიღო. ამოიწურა ის თანხა, რაც მთავრობისგან ეკუთვნოდათ. მას კიდევ ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება. გადავწყიტეთ, ჩაგვეტარებინა კონცერტი. ძალიან დიდი აქტიურობა იყო მოსახლეობის მხრიდან. მადლობა მინდა გადავუხადო ციცო ლაზაშვილს, რომელმაც გულთან მიიტანა ოჯახის გასაჭირი.“

ციცო ლაზაშვილის თქმით, სულ 387 ბილეთი გაიყიდა. შესაწირი ყუთიდან 857 ლარი შემოვიდა. ორმა თანამდებობის პირმა სოლიდური, თანხა გაიღო, თუმცა, მათ ვინაობის გასაჯაროებისგან თავი შეიკავეს. ჯამში ღონისძიებიდან 2792 ლარი შეგროვდა, რომელიც დაზარალებულ ოჯახს გადაეცა.

| Print |
FaceBook Twitter Google