საზოგადოება
მძღოლებისთვის ახალი შეზღუდვები წესდება
სამ თვეზე მეტი ვადით გზებზე მიტოვებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე 50 ლარით დაჯარიმდება. შესაბამისი ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის.
მისი ავტორები გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა და უმრავლესობის წევრი გოგა გულორდავა არიან.

ცვლილებების მიხედვით, იკრძალება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილ მოძრაობის სპეციალურ ზონაში სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რომელიც გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ამას გარდა, პროექტით, ველოსიპედის ბილიკზე ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლზე ველოსიპედის გარდა, იკრძალება სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა. აღნიშნული წესების დარღვევისთვის მძღოლი  50 ლარით დაჯარიმდება.

„საქართველოს ტერიტორიებზე გახშირებულია წყობიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება. საქართველოს საკანონმდებლო სივრცე ამ პრობლემის მოგვარებისთვის შესაბამისს რეგულაციას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მიზანშეწონილია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითმა ორგანოებმა შესაბამისი წესი შეიმუშაონ, რომელიც დაადგენს, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სატრანსპორტო საშუალება მიტოვებულად. ამასთან, ქვეყნის მსხვილ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემდგომი განვითარების მიზნით, ეტაპობრივად ინერგება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის განკუთვნილი მოძრაობის სპეციალური ზოლები. ხშირია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, გაჩერება ან დგომა, რაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შეფერხებას იწვევს“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.



| Print |
FaceBook Twitter Google