საზოგადოება
პროტესტის მეორე დღე დედოფლისწყაროში- ადგილობრივები გაყიდული მიწების დაბრუნებას ითხოვენ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამი სოფლის-ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს მოსახლეობა ყოფილი ხელისუფლების დროს გასხვისებული მიწების დაბრუნების მოთხოვნით დღესაც შეიკრიბა. მათ გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი შეხვდა.

-„ 2010 წელს, შირაქის ველზე, 3600 ჰექტარი მიწა კომპანია „ჯეო აგროზე“ გაიყიდა. სამი სოფლის მოსახლეობას 2010 -დან 2012 წლამდე მისი დამუშავების საშულება არ ეძლეოდა. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება“ მოვიდა, კომპანიასთან შუამავლის როლი შევასრულეთ. მივაღწიეთ იმას, რომ კანონის ფარგლებში, იჯარის ხელშეკრულება გაფორმდა. ხალხმა 2013 წლიდან ამ მიწების დამუშავება დაიწყო. ახლა აღნიშნული ტერიტორია „ჯეო აგროდან“ საქართველოს ბანკის საკუთრებაში გადავიდა, რადგან იპოთეკით იყო დატვირთული. „საქართველოს ბანკთან“ და მოსახლეობასთან კომუნიკაცია მოვახერხეთ. დაიწყო მოლაპარაკების პროცესი. ხვალ ადგილობრივებიც და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობაც „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებს შევხვდებით. უნდა ჩამოვყალიბდეთ ფასზე და პირობებზე, რომ მოსახლოებამ მიწის გამოსყიდვა შეძლოს. “-აღნიშნა speqtri.ge-სთან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

ცნობისთვის, შირაქის ველზე, "საქართველოს ბანკის" მიერ დაქირავებულ დაცვის სამსახურსა ადგილობრივებს შორის გუშინ სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. მოსახლეობა აცხადებს, რომ თუკი მიწების დამუშავებას ვერ შეძლებენ, საპროტესტო აქციებს კვლავ გააგრძელებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google