საზოგადოება
რამდენი იქნება თქვენი პენსია რეფორმის შემდეგ


დაგროვებითი საპენსიო რეფორმა, რომელიც 2018 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდება, ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები.

მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის. ნებაყოფლობითი იქნება იმ დასაქმებულებისთვის, რომლებსაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი და ასევე - თვითდასაქმებულთათვის.

რეფორმის შედეგად, დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო, თითოეული - პროგრამაში ჩართული პირის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე შეიტანს ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს. თვითდასაქმებულები კი - შემოსავლის 4%-ს შეიტანენ, სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც, დამატებით გადარიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს .
გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნება საინვესტიციო შემოსავალიც, რომელიც საპენსიო თანხას დაერიცხება. ამას დაემატება, სახელმწიფო პენსიაც.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკებმა" შეადგინა დაგროვების კალკულატორი, რომლის საშუალებითაც დაინტერესებულ პირს შეუძლია გამოიანგარიშოს, რამდენი იქნება მისი პენსია.

გასათვალისწინებელია, შენიშვნა, რომელსაც კომპანია აქვეყნებს ვებგვერდზე daitvale.ge.

"ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია წარმოადგენს საილუსტრაციო მასალას და მის სისწორეზე daitvale.ge პასუხისმგებელი არ არის. ვებგვერდს აქვს მხოლოდ ზოგად-საორიენტაციო დანიშნულება. კალკულატორი ითვალისწინებს 3%-იან ინფლაციას და წლიური საპროცენტო სარგებლის ყოველთვიურად დარიცხვას. მომავალში საპენსიო შენატანი შეიცვლება ხელფასის ზრდის/შემცირების შემთხვევაში. საპენსიო კალკულატორი საბოლოო ფორმით შემუშავდება კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ. კალკულატორში შეგიძლიათ შეცვალოთ ხელფასის ოდენობა, დაგროვების და განკარგვის პერიოდები, წლიური პროცენტი და გამოთვალოთ, რამდენი გექნებათ პენსია. გაითვალისწინეთ, რომ მიღებული შედეგი პირობითია და ის შესაძლოა ზუსტად არ ემთხვეოდეს საბოლოო თანხას."



| Print |
FaceBook Twitter Google