საზოგადოება
13 ნოემბერი ასი ათასი მოწამის ხსენების დღეა
დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება სრულდება
წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ, სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა.
გადმოცემის თანახმად, ხორეზმის სახელმწიფოს გამგებელმა, ჯალალ ედ-დინმა 1227 წელს თბილისზე გაილაშქრა. მტერი ქალაქს ნარიყალას მხრიდან მოადგა. თბილისელი მაჰმადიანები ხვარაზმელთა მხარეს გადავიდნენ. მიუხედავად ამისა, ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი, რომელთა უმეტესობასაც ხელოსნები შეადგენდნენ, მედგრად იცავდა თბილისს. პირველი შემოტევები ქართველებმა მოიგერიეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თბილისში მცხოვრები მუსლიმები შეთქმულიყვნენ ქალაქის დასამხობად. თბილისელმა სპარსელებმა მტერს განძის კარი გაუღეს.

ჯალალ ედ-დინის ბრძანებით, სიონის საპატრიარქო ტაძარს გუმბათი მოხსნეს, სადაც ტახტი დადგეს. სიონის ტაძრიდან ღვთისმშობლისა და
მაცხოვრის ხატები გამოაბრძანეს და მეტეხის ხიდზე გაიყვანეს. თბილისელებს აიძულებდნენ, ქრისტეს უარყოფის ნიშნად, ჯერ დაენერწყვათ, შემდეგ კი ფეხით გაეთელათ წმიდა ხატები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავების წარკვეთით ემუქრებოდნენ. 100 000-მა ქართველმა სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა. მათ ხატებს თაყვანი სცეს და ბრძანებას არ დაემორჩილნენ, რის გამოც ასი ათასი მოჭრილი თავი და თავწარკვეთილი სხეული მტკვარს გაატანეს. ამ დღეს ქართველმა ერმა სარწმუნოებისათვის თავდადებული 100 000 მფარველი შეიძინა.


| Print |
FaceBook Twitter Google