საზოგადოება
საპენსიო რეფორმა კრიტიკას ვერ უძლებს - პაატა შეშელიძე
რეფორმის მიმართ, რომელიც დაგროვებით პენსიას ითვალისწინებს, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს როგორც მოსახლეობას, ასევე ექსპერტებს.
უმრავლესობა ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს და თავად პროცესს, 90-იანი წლების ანაბრების ბედს უწინასწარმეტყველებს.
ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობას ახალი კანონპროექტი არ მოსწონს. ისინი ფიქრობენ, რომ დაგროვილი ფული წლების შემდეგ, შესაძლოა, უკან აღარ დაუბრუნდეთ. მათი თქმით, თუ საპენსიო რეფორმა ძალაში შევა, მასში ჩართვა სავალდებულო არ უნდა იყოს.
„თუ, როგორც ამბობენ, დაგროვილი თანხა მართლა დაუბრუნდება მოსახლეობას, ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა სავალდებულო.“ - განაცხადა ნარგიზი გეთიაშვილმა.

იდეა არ მოსწონს გიორგი ჯამატაშვილს, როგორც ის ამბობს, დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე, საპენსიო ასაკამდე ბევრი ვერ აღწევს.
„არ მომწონს ეს რეფორმა. არავინ იცის მიაღწევს თუ არა ადამიანი საპენსიო ასაკს, ამიტომ ის თანხა ბოლოს ვის ჯიბეში წავა, კაცმა არ იცის.“
რეფორმა მისაღებია ნათელა მელექსიშვილისთვის, თუმცა ფიქრობს, რომ საქართველოში მისი განხორციელება ნაკლებად შესაძლებელია.
„სხვა ქვეყნებში ვიცი, რომ რეფორმა წარმატებით ხორციელდება, მაგრამ ჩვენთან საქმე როგორ წავა, უცნობია. ამის მაგალითი სახეზე გვაქვს. ხალხს წლების წინ შემნახველ სალაროში დაგროვილი ფული გაუუქმდა. არ არის გამორიცხული, რომ ახლაც ასე მოხდეს.“

რისკებზე საუბრობენ ექსპერტებიც. „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე საქართველოს პირობებში დაგროვებითი საპენსიო სისტემის არსს ვერ ხედავს.
„დაგროვებითი სისტემის იდეა ცუდი არ არის, მაგრამ შემოთავაზებული ვარიანტი კრიტიკას ვერ უძლებს. მთავარი რისკი, რაც ამ პროცესს ახლავს, არის ის, რომ საპენსიო სააგენტოს არანაირი კონკრეტული ვალდებულება არ აქვს დააბრუნოს ხალხის მიერ დაგროვილი თანხა. ასეთი სისტემები სხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მოდელით ხორციელდება. თუმცა კონკრეტულად ასეთი მოდელით თუ არის სადმე, ვერ გეტყვით. “

მისივე თქმით, წარმოდგენილ მოდელს არანაირი დადებითი მხარე არ გააჩნია.
„მოდელი, რომელზეც საუბარია, ზრდის დამსაქმებლის საგადასახადო ტვირთს, ამიტომ შეიძლება მან უბრალოდ ეს საგადასახადო ტვირთი დაქირავებულს დააკისროს და შეუმციროს ხელფასი, ასევე ახალი პროექტები შეაჩეროს. თქვენ შეიძლება გადაიხადოთ უამრავი თანხა და ბოლოს გითხრან: უკაცრავად ჩვენ ფული არ გვაქვს. იურიდიულად ხელჩასაჭიდიც არაფერი გექნებათ, რომ თანხა მოითხოვოთ, რადგან კანონპროექტში არანაირი ვალდებულება არ დევს. გარდა ამისა, ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს, 90-იან წლებში ასეთი ანაბრები დაიკარგა და პასუხი არავინ აგო.“

შეგახსენებთ, რომ დაგროვებით პენსიაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში მათი ასაკის მიუხედავად. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტის მიხედვით, ყოველთვიური შენატანი განისაზღვრება შემდეგნაირად: თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს დაემატება დამსაქმებლის მიერ დარიცხული 2%. სახელმწიფო კი როგორც დასაქმებულების ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს ისინი საპენსიო ფონდში თავისი ხელფასის 4%-ს შეიტანენ.

კანონში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში წლის ბოლომდე უნდა შევიდეს. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს.

| Print |
FaceBook Twitter Google