საზოგადოება
რომელი ავტომობილი დაექვემდებარება ტექდათვალიერებას
„საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონიდან იმ ნორმის ამოღება ხდება, რომლის მიხედვით, გზისთვის ვარგისიანობაზე ტესტირებას 2018 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა დაექვემდებაროს.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ქეთევან სალუქვაძის თქმით, აღნიშნული ცვლილება იმ გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლითაც 2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3 ტონანახევარზე მეტი მასის ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება. მისი განცხადებით, სწორედ ეს სატრანსპორტო საშუალებები ყველაზე მეტად ახდენენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას.
„ისინი ინსპექტირებას ისედაც ექვემდებარებიან, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ არსებობდა გარკვეული ტიპის ხარვეზები აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით, ამასთან იზრდება სტანდარტი და ხდება ევრორეგულაციებთან დაახლოება, მოხდება ტექნიკური ინსპექტირების განსხვავებული სტანდარტებით განხორციელება, სრული პარკის დაფარვა ეტაპობრივად, ორი წლის განმავლობაში განხორციელდება, დაიწერება მეთოდოლოგია, თუ ვის როდის მოუწევს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა. ეს საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი" .

მისივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მთავრობას წარედგინება ტექნიკური რეგლამენტი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან, მათ შენობებთან და პერსონალთან დაკავშირებით.

| Print |
FaceBook Twitter Google