საზოგადოება
ინიციატივა პარლამენტში, რომელიც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს
ცხოველთა უფლებების დაცვაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიზანი ცხოველთა დაცვის მეტი გარანტიების შექმნაა.

-"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა წარმოდგენილ წინადადებაზე შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის მსჯელობის საგანი ასევე იქნება ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის შესახებ არსებული სასჯელის გამკაცრება. ცხოველებისადმი სადისტური მოპყრობის ბოლო დროინდელმა შემთხვევებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა იმგვარი საკანონმდებლო ბაზის არსებობის საჭიროება, რომელიც ამ კუთხით უსაფრთხო და საიმედო გარემოს უზრუნველყოფს."- განმარტავენ არასამთავრობოები.

ზემოთ აღნიშნული ინიციატივით:

- სისხლის სამართლებრივად დასჯადი გახდება ცხოველთა მონაწილეობით ორთაბრძოლების მოწყობა, მათ რიტუალური მოკვლა, ექსპერიმენტები და ვეტერინარის დანიშნულების გარეშე ქირურგიულ ოპერაციების ჩატარება;

-გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებიც, კერძოდ დგინდება ჯარიმები ცხოველთა ტრანსპორტირების წესის, მოკვდინებისათვის დასაშვები წესების დარღვევისათვის და სხვა შემთხვევებზე;

-ცხოველები დაექვემდებარებიან სავალდებულო პირველად რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას და ყოველწლიურ საკონტროლო რეგისტრირებას, განისაზღვრება მათი მოვლა-პატრონობის პირობები;

-ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებებით ფართოვდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილება და ხდება მითითება ცხოველთა პოპულაციის მართვა-კონროლის ორგანიზებაზე.


| Print |
FaceBook Twitter Google