საზოგადოება
რა დარღვევები აღმოაჩინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015-2016 წლებში გაწეული ხარჯების შესაბამისობის ანგარიში გამოაქვეყნა. მასში, სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, გურჯაანიც მოხვდა.
დასკვნის მიხედვით, 2016 წელს, სოფელ დარჩეთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელდა კლუბის რეაბილიტაცია, რომელზეც 9 400 ლარი დაიხარჯა. მოსახლეობა შესრულებული სამუშაოებით ვერ სარგებლობს, რადგან შენობა დაკეტილია და არ
ფუნქციონირებს.

2015 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სოფელ ფხოველში 4 700 ლარის ღირებულების წყლის შემკრები ავზისა და ქსელის მოწყობის სამუშაოები ჩატარდა. აუდიტის ჯგუფმა შესრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. გამოვლინდა, რომ სამუშაოები დაუსრულებელია და მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. თუმცა, მიმდინარე წელს აუდიტის ჯგუფის მიერ გამოვლენილი გარემოების შემდგომ, მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი თავიდან გამოაცხადა.

2015 წელს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფელ ზიართან დამაკავშირებელი გზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე 22 300 ლარი დახარჯა. მუნიციპალიტეტს კი აღნიშნული საპროექტო ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული გზის მოწყობის სამუშაოები 2015-2016 წლებში არ შეუსყიდია. აუდიტის დასკვნით, მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი სამუშაოების საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც არ განხორციელებულა და მისი გამოყენება არც 2017 წელს დაგეგმილა.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2016 წელს, სოფელ კაჭრეთში, სანიაღვრე არხის მოსაწყობად მიმწოდებელმა 92 600 ლარის ნაცვლად 17 700 ლარის სამუშაო შეასრულა. 2017 წელს, აუდიტის ჯგუფის მიერ გამოვლენილი გარემოების შემდეგ, მუნიციპალიტეტმა უზრუნველყო სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოების გაგრძელება, სოფელ კაჭრეთისა და ზემო კაჭრეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში. აგრეთვე, მიმწოდებლის მიერ პირგასამტეხლოს გადაუხდელობასთან დაკავშირებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტმა სასამართლოს მიმართა.

2015 წელს სოფელ გურჯაანში №2 საბავშვო ბაღთან მისასვლელ ქუჩაზე ასფალტო- ბეტონის საფარის დაგებისა და სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებზე, კონტრაქტორმა კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები. არ დაასრულა პროექტით განსაზღვრული სამუშაოები, ამასთან ამ პერიოდისთვის ანაზღაურებული თანხა 41 200 ლარით აღემატებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სამუშაოების მიწოდების ვადის გასვლის შემდეგაც, კომპანიას გადაურიცხა 17 900 ლარი. სულ გადახდილმა თანხამ, ავანსის ჩათვლით, 154 600 ლარი შეადგინა, რაც 59 100 ლარით აღემატება შესრულებული სამუშაოების ღირებულებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით speqtri.ge გურჯაანის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს ნატო გონგაძეს დაუკავშირდა.

-„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ უნდა შესრულებულიყო ის სამუშაოები, რასაც მოსახლეობა ითხოვდა. სოფელ დარჩეთში, კლუბის რეაბილიატაციაც სწორედ, სოფლის კრებით გადაწყდა. როდესაც რამე ღონისძებაა, მაშინ იხსნება შენობა, თორემ ყოველდღე კონცერტები რაიონის დონეზეც კი არ იმართება.
რაც შეეხება ფხოველში წყლის სისტემის რეაბილიტაციას, ესეც სოფლის პროგრამით გაკეთდა. მაშინ რა თანხაც გამოიყო, არ იყო საკმარისი, ამიტომ მიმდინარე წელს დასრულდა სამუშაოები. კაჭრეთის სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით, გამარჯვებულმა კომპანიამ საქმეს თავი დაანება, ჩვენ იძულებული გავხდით, ხელახალი ხელშეკრულება დაგვედო, პროექტი შუა გზაზე იყო გაჩერებული და მოსახლეობა სახლში ვეღარ ახერხებდა შესვლას. აღნიშნული პროექტიც შესრულდა, ჩვენ კი პარალელურად დავიწყეთ სამართლებრივი დავა. #2 ბაღთან მისასვლელი გზის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ სამუშაოების ნახევარზე მეტი უკვე შესრულებული იყო. კომპანიაში განხეთქილება მოხდა და სამუშოებს თავი დაანებეს. წინასწარ ჰქონდათ აღებული საავანსო საგარანტიო თანხა. მივმართეთ სასამართლოს, სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს და გადახდილ ფულს ისე დავიბრუნებთ უკან. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მორჩენილი თანხით ტენდერი გამოვაცხადეთ და გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.“

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტავენ, მუნიციპალიტეტებში დახარჯული თანხების შესახებ, შემდეგი ანგარიშებისთვის მუშაობა მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

რაც შეეხება გამგეობებისთვის უკვე ჩაბარებულ ანგარიშებს, მისი გასაჩივრება ადგილობრივ თვითმმართველობებს 20 დღის ვადაში შეეძლებათ.

| Print |
FaceBook Twitter Google