საზოგადოება
მომავალ წელს გურჯაანში ძაღლების თავშესაფარი აშენდება
უკვე წლებია გურჯაანში უპატრონო ძაღლების პრობლემაზე საუბრობენ, თუმცა საკითხი კვლავ გადაუჭრელია. Speqtri.ge-მ აღნიშნულ თემაზე სტატია არაერთხელ მოამზადა.
როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მკვიდრი ხათუნა ბეციაშვილი ამბობს, ამ პრობლემის გამო ქუჩაში შვილების მარტო გაშვებას ერიდება.
-„ასე როგორ შეიძლება, ვიღაცამ ხომ უნდა მიხედოს ამ საკითხს?! ძაღლები ხროვად დადიან, ორი ბავშვი მყავს, სკოლაში სწავლობენ და სულ მეშინია რომ არ ეცნენ და არ უკბინონ. ამიტომ მე თვითონ ვაცილებ ხოლმე.“

აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობენ გურჯაანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებიც.

„აქ ძაღლები რატომ უნდა დადიოდნენ, ბეწვი სცვივათ. ჯერ ერთი, ხალხის ბაზარი კი არ არი, ეს ძაღლების ბაზარია. ძაღლი უფრო ბევრი დადის, ვიდრე- ხალხი. ყოფილა შემთხვევა ადამიანებიც კი დაგლიჯეს. ამას წინათ, დილით რომ მოვედი, ხუთი ძაღლი დამხვდა, მეცნენ, ძლივს გადავრჩი დაგლეჯვას, კურტკა დამიხიეს. ხან ბავშვებს გამოეკიდებიან ხოლმე. რამე გვიშველონ, ან ძაღლების თავშესაფარი გახსნან, ან სადმე წაიყვანონ.“-ამბობს დოდო მაჭარაშვილი.

როგორც გურჯაანის მკვიდრი სოსო ზირაქაშვილი ამბობს, ადგილობრვი ხელისუფლება ამ საკითხით აუცილებლად უნდა დაინტერესდეს.
-„ძაღლი ადამიანის მეგობარია, მერე რა, რომ ცხოველია, მას უფრო მეტი ყურადღება სჭრდება, არ შეუძლია თავის თავს თვითონ მიხედოს. ხელისუფლება ამ საკითხზე აუცილებლად უნდა ზრუნავდეს.“

2014 წლის გაზაფხულზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობამ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14 000 ლარი გამოყო, გამარჯვებულ კომპანიას უპატრონო ძაღლების თავშესაფარში გადაყვანა ევალებოდა. ტენდერში ერთ-ერთმა ინდ. მეწარმემ გაიმარჯვა, თუმცა შემდეგ ხელშეკრულებას ხელი აღარ მოაწერა და თანხის სიმცირის გამო სამუშაოების შესრულებაზე უარი განაცხადა.

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, კახეთის რეგიონში მუშაობა უკვე დაიწყო. როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნა, 2018 წელს გურჯაანში ძაღლების თავშესაფარი აშენდება.

-„კახეთის გუბერნიის ინიციატივით, მუნიციპალიტეტების მერიის თანადაფინანსებით, თავშესაფრის მოწყობა იგეგმება. პროექტის მიხედვით, თავშესაფარი გურჯაანში აშენდება. ჩვენ, მომავალი წლის ბიუჯეტში 100 000 ლარი გავითვალისწინეთ.“

Speqtri.ge კახეთის მუნიციპალიტეტის ყველა მერიას დაუკავშირდა, სიღნაღში, ყვარელსა და ახმეტაში გურჯაანის მსგავსად მომავალი წლის ბიუჯეტში 100 000 ლარი უკვე გაითვალისწინეს, რაც შეეხება დედოფლისწყაროს, ლაგოდეხს, თელავსა და საგარეჯოს ამ საკითხზე მოგვიანებით იმსჯელებენ.

| Print |
FaceBook Twitter Google