საზოგადოება
როკ ჯგუფ Deep Horizon-ის კონცერტი გურჯაანში
25 ნოემბერს გურჯაანის კულტურის ცენტრის მანეჟში როკ ჯგუფი „ღრმა ჰორიზონტი“ (Deep Horizon) მსმენელის წინაშე წარსდგა და პირველი კონცერტი გამართა.
ოთხწევრიანი ჯგუფი დაახლოებით შვიდი თვის წინ შეიქმნა. დრამი: ოთარ ბეროშვილი. სოლო გიტარა: კონსტანტინე ხიჯაკაძე. ბას გიტარა: ლევან იაგანაშვილი და ვოკალი/რიტმ გიტარა: გიორგი რუაძე.
ერთ-ერთი წევრი ოთარ ბეროშვილი, ჩვენთან ჯგუფის შექმნის შესახებ ყვება და ამბობს, რომ თითოეულმა მათგანმა ამ საქმეში დიდი ძალისხმევა ჩადო.
„გვინდოდა გაგვეკეთებინა გურჯაანში რაღაც განსხვავებული და ახალი. მე და გიორგიმ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ჯგუფი. მერე დაემთხვა ისე, რომ კოტე ჩამოვიდა კანადიდან. რომ იტყვიან, ვიპოვეთ ლევანიც და ასე შევიკრიბეთ. დაახლოებით ხუთი თვეა ვრეპეტიციობთ. ჩვენს პირველ კონცერტზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ძირითადად ცნობილი ჯგუფების ქავერები შესრულდა. ერთი სიმღერა გიორგის დაწერილიც იყო. მომავალში ვაპირებთ საკუთარი რეპერტუარის შექმნას. “

როგორც ოთარ ბეროშვილმა განაცხადა, იმისთვის, რომ კონცერტი საინტერესო გამოსულიყო, დიდი ძალისხმევა დასჭირდათ და არცერთს ენერგია არ დაუშურებია.
„ეს ჯგუფი ჩვენთვის ყველაფერია. შვიდი თვე სამსახურის შემდეგ ვხვდებოდით ერთმანეთს და ათ-თერთმეტ საათამდე გვქონდა რეპეტიცია. კონცერტზე ბევრი ხალხი მოვიდა. ჯგუფის სახელით მინდა ყველას მადლობა გადავუხადო.“
მისივე თქმით, სამომავლო გეგმებზე ჯერჯერობით არ უმსჯელიათ, თუმცა ფიქრობენ, რომ კიდევ ერთი კონცერტი საახალწლოდ გამართონ.
| Print |
FaceBook Twitter Google