საზოგადოება
დედოფლისწყაროს ექვსი სოფლის მოსახლეობა გაზიფიცირებას ითხოვს
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ექვსი სოფელი- არხილოსკალო, ზემო ქედი, ქვემო ქედი, სამთაწყარო, ფოროსმანი და საბათლო გაზიფიცირებული ამ დრომდე არ არის.
ადგილობრივები ხელისუფლებას პრობლემის მოგვარებას სთხოვენ.

-"21-ე საუკუნეში გაზი არ გვაქვს, იქნებ მოგვხედონ და აქაც გამოიყვანონ. ჩვენ რაღა დავაშავეთ?!"- ამბობს ზემო ქედის მკვიდრი სალომე ილურიძე.

აღნიშნულ საკითხზე საუბრობენ სოფელ ქვემო ქედშიც.

"60 წლის კაცი ვარ, შეიძება ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, გაზს ვერც კი მოვესწრო. კარგი იქნება, თუ მოგვხედავენ."- გვითხრა პავლე ბუბუნაურმა.

ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ სოფელ არხილოსკალოშიც.

"ისეთ მაღალმთიან სოფლებშია გაზი გაყვანილი, გაგიკვირდება, ჩვენ კიდევ არ გვაქვს. იქნებ რამე გვიშველონ და მოხედონ არხილოსკალოსაც, თორემ ასე გაძლება აღარ შეიძლება."- ამბობს მალხაზ დაქუზაშვილი.

როგორც speqtri.ge-სთან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ამბობს, გაზიფიცირების პროექტი უკვე შედგენილია, თუმცა როდის ექნება აღნიშნულ სოფლებს ბუნებრივი აირი, ამ დროისთვის უცნობია.

-"ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ. დასრულებულია გაზიფიცირების პროექტირება. იმედი გვაქვს, ექვსი სოფლის გაზიფიცირება მომავალ წლებში მოხდება. ზუსტი დროის თქმა არ შემიძლია." 

ჩვენ ენერგეტიკის სამინისტროსაც მივმართეთ და მათ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.



| Print |
FaceBook Twitter Google