საზოგადოება
ექნება თუ არა გურჯაანს 24-საათიანი წყალმომარაგება
გურჯაანში წყლის მრიცხველების დამონტაჟება კვლავ მიმდინარეობს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ძველი გაყვანილობა ახლით იცვლება და თითოეულ აბონენტს ინდივიდუალური მრიცხველი დაუმონტაჟდება. როგორც აღნიშნულ სტრუქტურაში განაცხადეს, პროცესის დამთავრების შემდეგ, გურჯაანს, სავარაუდოდ, 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური აქტივების მართვის დეპარტამენტის უფროსის მიხეილ თათარაძის თქმით, სამუშაოები 2018 წლის პირველ კვარტალში დასრულდება.
„ამჟამად, ფაქტობრივად, სამუშაოების ნახევარი შესრულებულია. კერძო ბინები უკვე გამრიცხველიანებულია და მხოლოდ კორპუსები იყო დარჩენილი. პროცესის დასრულების შემდეგ, წყლის შეუფერხებლად მიწოდებისთვის, კომპანია 2018 წლის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებას განახორციელებს. სავარაუდოდ, გურჯაანის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება მალე ექნება. “

როგორც გურჯაანის მოსახლეობა ამბობს, წყლის არასტაბილური მიწოდება არაერთ პრობლემას ქმნის. გარდა იმისა, რომ მილებში დაგროვილი ჰაერი ზედმეტ მოცულობას ასახავს მრიცხველზე, გაყვანილობასაც აზიანებს.
„წყალი რომ შეწყდება და მერე გაუშვებენ, ჰაერი ისეთი წნევით გამოდის, რომ მილებს აზიანებს. ნახევარ საათზე მეტხანს ველოდებით, რომ ონკანი გავხსნათ, მაგრამ ზოგჯერ ეს დროც არ კმარა. წყლის გამაცხელებელი უკვე მესამედ გამოვცვალეთ, შიდაგაყვანილობა დაუზიანდა. გარდა ამისა, ჰაერები მრიცხველზე ზედმეტ კუბებს ასახავს. როგორ შეიძლება ზამთარში ოჯახი 23 ან 30 ლარს წყლის გადასახადს იხდიდეს?“ - ამბობს ეთერ ორველაშვილი.

მიხეილ თათარაძის განმარტებით, მსგავსი შეტყობინება კომპანიის ცხელ ხაზზე არ დაფიქსირებულა, საჭიროების შემთხვევაში კი, შესაბამისი ღონისძიებები იქნება გატარებული.
„გურჯაანიდან ცხელ ხაზზე მსგავსი ტიპის დაზიანებების თაობაზე არავის დაურეკავს. ასეთ შემთხვევაში მოსახლეობამ ოპერატორს უნდა მიმართოს. აღნიშნულ პრობლემას შესაბამისი სამსახური ოპერატიულად მოაგვარებს და ჰაერგამშვები არმატურები საჭირო ადგილას დაყენდება. “

უწყების ინფორმაციით, ახალი წყალგაყვანილობის სისტემა 86 კორპუსში კეთდება და სულ 1728 აბონენტის გამრიცხველიანებას ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google