საზოგადოება
გურჯაანის საბავშვო ბაღებისთვის ცეცხლმაქრებს შეიძენენ
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით, საგანმანათლებლოს დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შემოწმება იწყება.

ჩვენ დავინტერესდით, რა მდგომარეობაა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში.
გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის თქმით, მუნიციპალიტეტის ბაღები თითქმის აკმაყოფილებს სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს. როგორც მან speqtri-ge-სთან საუბარში აღნიშნა, სამაშველო სამსახურმა ყველა საბავშვო ბაღი შეამოწმა და გარკვეული მითითებებიც მისცა.
„37-ვე სააღმზრდელო დაწესებულებაში, საევაკუაციო გეგმა სართულების მიხედვით გამოკრულია. რაც შეეხება სტენდებს, ისინი არ გვაქვს. სახანძრო სამაშველო სამსახური ყველა ბაღში შევიდა. მათ ელექტროგაყვანილობაც შეამოწმეს. გადმოვცეს შემოწმების ოქმები, რომელთა მიხედვითაც გვევალება, მხოლოდ ცეცხლმაქრების შეძენა. 37-ვე დაწესებულებაში დაახლოებით 125 ცალი ხუთკილოიანი ცეცხლმაქრი გვჭირდება. 2017 წლის ბიუჯეტში ამისთვის გვაქვს 7 ათასი ლარი. დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია და ტენდერი სავარაუდოდ ორშაბათს გამოცხადდება. წლის ბოლომდე ყველა ბაღში იქნება ის სტანდარტები დაცული, რაც მათ დაგვავალეს. “

როგორც გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, ბაღებში შექმნილია შტაბები და ექვს თვეში ერთხელ აღმზრდელები ბავშვებს სიმულაციურ ვარჯიშებს უტარებენ. მისივე თქმით, ყველა აღსაზრდელმა იცის როგორ უნდა მოიქცეს საგანგებო სიტუაციის დროს.


| Print |
FaceBook Twitter Google