საზოგადოება
სკოლებში უსაფრთხოების დაცვას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს
სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება, - ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, გუშინ ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე და სამომავლოდ, დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დანაშაულის პრევენციის კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს.

-"ჯგუფის ძირითადი ამოცანა იქნება სკოლებში პრევენციული, საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების, საზოგადოებრივი წესრიგისა და სასკოლო დისციპლინის დაცვის გააქტიურება. სამუშაო ჯგუფი, ასევე, იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტურობის და კონფლიქტების პრევენციის მექანიზმების შემუშავებაზე.

სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართული იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ. შეხვედრაზე, ასევე, გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე, სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია."- ნათქვამია განცხადებაში.


| Print |
FaceBook Twitter Google