საზოგადოება
სათადარიგო გასასვლელები ჩახერგილია, ცეცხლმაქრები არასაკმარისია - დარღვევები სკოლებსა და ბაღებში სახანძრო უსაფრთხოების მხრივ
2017 წლის ბოლომდე კახეთის რეგიონში სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის თვალსაზრისით, 1200 ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განაცხადეს, ამ დროისთვის ობიექტების უმრავლესობა უკვე შემოწმდა და გარკვეული დარღვევებიც გამოიკვეთა.
„სახანძრო-უსაფრთხოების ნორმების ზედამხედველობას დაქვემდებარებულ შენობა -ნაგებობებში, ძირითადად,არ არის თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული საევაკუაციო გეგმები, სათადარიგო გასასვლელები ჩახერგილია,შენობებში არ არის საკმარისი რაოდენობის ცეცხლმაქრი სისტემები და საშუალებები და ა.შ. რეკომენდაციები, ბუნებრივია, ინდივიდუალურია. დეტალური სახანძრო-ტექნიკური შემოწმების დროს აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, ხდება სათანადო სარეკომენდაციო წერილის შედგენა და მათ მფლობელებს ეძლევათ გონივრული ვადა - არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ხორციელდება საკონტროლო განმეორებითი საზედამხედველო შემოწმება. მიწერილობაში დაფიქსირებული დარღვევების კვლავ არსებობის შემთხვევაში, დაწესებულებას ეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა. კახეთში, ზედამხედველობის ორგანიზების განყოფილების თანამშრომლების მიერ, გაფრთხილება მიღებული აქვს, დაახლოებით, 1000 ობიექტის მფლობელს - შენობაში სახანძრო - უსაფრთხოების ნორმების არასათანადოდ დაცვისთვის.“

spetri.ge დაინტერესდა, როგორია კონკრეტულად ისეთი სტრატეგული ობიექტების უსაფრთხოების მდგომარეობა როგორებიცაა სკოლები და ბაღები. ამ მიზნით თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელებს დავუკავშირდით. რესურსცენტრის დირექტორის ლევან მრელაშვილის განმარტებით, სახანძრო სამაშველო სამსახურის მიერ საჯარო სკოლები გასულ თვეს შემოწმდა და ამჯერად შესაბამის მითითებებს ელოდებიან.
„ სკოლები სახანძრო ინსპექციამ შეამოწმა. კონკრეტულად როდის, არ ვიცით. სკოლები საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან და თვითონ ალაგებენ მათთან ურთიერთობებს. მონიტორინგს წელიწადში ორ-სამჯერ ვატარებთ და მაშინ ხდება სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შესწავლაც. ცეცხლმაქრები და საევაკუაციო გეგმა ყველა სკოლაშია. რაც შეეხება სახანძრო კიბეებს, ზოგს აქვს და ზოგს -არა. სათადარიგო გასასვლელები თითქმის ყველგან არის. ცეცხლმაქრები გასულ წელს ძალიან ბევრმა სკოლამ შეიძინა. ამას წინათ გვქონდა შეხვედრა და კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ მოიწვიონ სახანძროდან კომპეტენტური პირები, რომლებიც ჩაუტარებენ ინსტრუქტაჟს, როგორც მოსწავლეებს, ისე პედაგოგებს.“

თითმმართველი ქალაქი თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის თინიკო ხანჯალიაშვილის განცხადებით, მითითებებს რომლებიც შესაბამისი უწყებიდან მიიღეს, წერილობით წარუდგენენ მუნიციპალიტეტს, რათა სათანადო დაფინანსება მიიღონ.
„ რამდნიმე ბაღში სათადარიგო კიბეებია მოსაწყობი, ზოგან გასამაგრებელია და გასათავისუფლებელი. საევაკუაციო გეგმა ყველა ბაღშია, რამდენიმეგან გვქონდა ცეცხლმაქრების შეძენაზე მითითება. ამისთვის თანხები დაგვჭირდება მუნიციპალიტეტისგან, რასაც წარვუდგენთ შესაბამისად, წერილობით ფორმატში. “

ანალოგიური მდგომარეობაა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების ბაგა-ბაღებშიც. გაერთიანების დირექტორის გიორგი კოჭლოშვილის თქმით, შემოწმება გასულ თვეს განხორციელდა. სერიოზული დარღვევები არ ყოფილა და ამჟამად მითითებებს ელოდებიან.


| Print |
FaceBook Twitter Google