საზოგადოება
შსს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას შეუერთდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ 16-დღიან საერთაშორისო კამპანიას შეუერთდა.
კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგებთან ერთად, საქართველოს რეგიონებში, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ადგილობრივ მოსახლეობასა და საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს ატარებენ.

ამჯერად, შეხვედრა ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №32 საჯარო სკოლაში გაიმართა.

შეხვედრაზე მოსწავლეებმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფორმებზე, აღნიშნული დანაშაულების წინააღმდეგ მოქმედი სამართლებრივი მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ღონისძიების მიზანი იყო მოზარდების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემატიკაზე, მათი ინფორმირება ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი სამართლებრივი მექანიზმებისა და სახელმწიფო სერვისების შესახებ, რაც ოჯახში ძალადობის შემცირების და მისი პრევენციის წინაპირობაა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში დაწყებული კამპანიის - "ძალა ნდობას“ ფარგლებში გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „ძალა ნდობას“ მეორე წელია ახორციელებს. 

| Print |
FaceBook Twitter Google