საზოგადოება
შაშიანის სკოლის ფილმი „ცხოვრების ნირი“ კინოფესტივალის გამარჯვებულია
შაშიანის საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ გადაღებულმა ფილმმა, საქართველოს კინოფესტივალზე გამოცხადებულ კინო-კონკურსში პირველი ადგილი აიღო.


როგორც ჩვენთან საუბარში სკოლის დირექტორმა თამარ თვალიაშვილმა აღნიშნა, ფილმი პროექტის ფარგლებში შეიქმნა და მასში 18 ბავშვი მონაწილეობდა.
„პროექტის ფარგლებში გვქონდა თავისუფალი გაკვეთილები. მიმართულება იყო ხელოვნება, ხოლო ქვემიმართულება - კინო სკოლაში. პარალელურად, ჩვენთან ჩამოდიოდნენ ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც მოსწავლეებთან ერთად განიხილავდნენ სხვადასხვა ფილმებს. სწორედ მათ შესთავაზეს ბავშვებს სცენარზე მუშაობა და ისინი დაეხმარნენ გადაღებაშიც. თემა იყო ბულინგი. ძირითადად, ჯგუფში გაერთიანებული იყვნენ მეშვიდე-მერვე კლასელები. მათ უფროსი კლასის წარმომადგენლებიც ეხმარებოდნენ. ასე შეიქმნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი სახელწოდებით - „ცხოვრების ნირი“, რომელშიც ჩვენივე სკოლის ბავშვები იღებენ მონაწილეობას. ფილმზე მუშაობა სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.“

მისივე თქმით, დაჯილდოების ცერემონიალზე მხოლოდ ოთხი მოსწავლე იმყოფებოდა.
„დაჯილდოება გასულ კვირას თბილისში გაიმართა. ცხრა დეკემბერს იყო კინოჩვენება და საჩუქრებიც მაშინ გადასცეს. მოსწავლეებისთვის ეს ძალიან დიდი სტიმულია. ისინი ენთუზიაზმით არიან აღსავსე და სამომავლო გეგმებსაც ადგენენ. “

თამარ თვალიაშვილის თქმით, გამარჯვებულები პლანშეტით, ხოლო სკოლა, აქტიური მონაწილეობისათვის, სიგელით დააჯილდოეს.
| Print |
FaceBook Twitter Google