საზოგადოება
გურჯაანის მერიამ საკრებულოს ჩასწორებული ბიუჯეტი გაუგზავნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის შესწორებული პროექტის საბოლოო ვარიანტი საკრებულოს უკვე გადაეგზავნა.

როგორც ჩვენთან საუბარში გურჯაანის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ განაცხადა, ის მოტივირებული შენიშვნები, რაც საკრებულოსგან მიიღეს, ნაწილობრივ გათვალისწინებულია.
„შენიშვნების ნაწილი მერმა გაითვალისწინა. ეს ძირითადად ეხება კაჭრეთში სასწრაფოს შენობის რეაბილიტაციას, რისთვისაც ათი ათას ლარს ითხოვდნენ. ასევე, მოხდება მერიის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც გამოიყოფა 90 ათასი ლარი. სოფელ გურჯაანის საჭიდაო სკოლის რეაბილიტაციისთვის განსაზღვრულია 15 ათასი ლარი. ასევე მოხდება მუსიკალური და სამხატვრო სკოლის უკიდურესად გაჭირვებული მოსწავლეების სწავლის დაფინანსება. ათას ხუთასი ლარი მუსიკალური სკოლისთვის განისაზღვრა, ხოლო 300 ლარი სამხატვრო სკოლისთვის.“

მისივე თქმით, ჩასწორებულ დოკუმენტს დეპუტატები 25 დეკემბრამდე დაამტკიცებენ. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბიუჯეტი 11 მილიონ 700 ათასი ლარით განისაზღვრა.


| Print |
FaceBook Twitter Google