საზოგადოება
პირველი იანვრიდან სასაკლაოზე მხოლოდ იდენტიფიცირებული პირუტყვი დაიკვლება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის პირველი იანვრიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც სასაკლაოზე მიყვანილი პირუტყვის იდენტიფიცირება სავალდებულო იქნება.

საყურე ნიშანზე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მინიჭებული უნიკალური კოდია დატანილი, რომელიც რეგისტრირებულია ერთიან მონაცემთა ბაზაში და მოიცავს სრულ ინფორმაციას პირუტყვის შესახებ.
აღნიშნული სისტემის დანერგვა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მოთხოვნათა შესაბამისად ხორციელდება.ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მიმდინარეობს.

სურსათის ეროვნული სააგენტო, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) ერთად, ფერმერთა ინფორმირების მიზნით საინფორმაციო კამპანიას 2017 წლის ივლისიდან ატარებს. ვეტერინარებს, სასაკლაოს წარმომადგენლებს, ფერმერებს და ხორცის დისტრიბუტორებს საკანონმდებლო სიახლის შესახებ ეცნობათ და გადაეცათ შესაბამისი საინფორმაციო მასალები. სასაკლაოს ვეტერინარებს ჩაუტარდათ შესაბამისი სწავლება.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა 2012 წლიდან ხორციელდება. დღევანდელი მონაცემებით, 3 მილიონამდე მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვია იდენტიფიცირებული. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამას (NAITS), რომელიც სისტემის დახვეწას და სრულყოფას ითვალისწინებს.

| Print |
FaceBook Twitter Google