საზოგადოება
საბავშვო ბაღებში კვების რაციონი იცვლება
ახალი წლიდან საბავშვო ბაღებში რეფორმა დაიწყება. გარდა სხვა სიახლეებისა, გაუმჯობესდება აღსაზრდელების კვებაც.

როგორც ჩვენთან საუბარში სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, ახალ რაციონზე გადასასვლელად საჭირო იქნება ახალი ინვენტარის შეძენაც. მისივე თქმით, ამისთვის მუნიციპალიტეტის მერიაში კონსულტაციები უკვე გაიარეს.
„ ამისთვის საჭიროა ელემენტარულად დამატებითი ქვაბები, ხორცის საკუწი მანქანები, გაზქურები. ამიტომ ჩვენ ისევ ძველი მენიუებით, სამთვიან ტენდერებს გამოვაცხადებთ. ამ ხნის განმავლობაში უზრუნველვყოფთ ყველა იმ რესურსს, რაც საჭირო იქნება სიახლეების დასანერგად.“

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ნიკოლოზ გეთიაშვილის განმარტებით, კვების თემა რეგულაციებში ჩაჯდება და მოისპობა ყველა ის პრობლემა, რაც ამ დრომდე არსებობს.
„ბავშვთა ულუფა, რაც დღეს არის გაწერილი, წლის განმავლობაში უნდა გაიზარდოს. მინიმუმ გაორმაგდება. როდესაც ასე იზრდება კვების რაციონი, შესაბამისად, მწყობრში უნდა მოვიდეს საჭირო ინვენტარი. ალბათ, მოგვიწევს რაღაცა ტექნიკის გადახალისება. 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ძველი კვების რაციონი, თუმცა აუცილებლად მოხდება ამ კუთხით ცვლილება. ეს ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია. რაც შეეხება ინფრასქტრუქტურულ პროექტებს, ამაზე ოთხწლიანი გეგმა გაიწერება. იგეგმება ყველა საბავშვო ბაღებში გაზის შეყვანა, ეს უკვე გაწერილია ბიუჯეტში. შემდეგ თანდათან მივხედათ გათბობის სისტემასაც. “

ნიკოლოზ გეთიაშვილის თქმით, მომავალი წლიდან ბაღებში ახალი სათამაშოების შეტანაც იგეგმება, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის აზროვნების განვითარებას და მოზარდის სასკოლო ასაკისთვის უკეთესად მომზადებას. შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებში ახალი სტანდარტების დანერგვა, ახალი წლიდან დაიწყება. თითოეული ბაღი ჩამოყალიბდება დამოუკიდებელი ააიპ-ის სახით, რომელსაც მენეჯერი კი არა, დირექტორი ეყოლება.


| Print |
FaceBook Twitter Google