საზოგადოება
გურჯაანში სილამაზის სალონების შემოწმება დაიწყო
გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა სალონების შემოწმება დაიწყო. პროცესი  c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ვირუსის პრევენციას ისახავს მიზნად.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექიმი პროფილაქტიკოსის ეკა ბურდიაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე რამდენიმე სალონი უკვე შემოწმდა და ხარვეზების გამოსასწორებლად გონივრული ვადაც მიეცათ.
„იარაღების სტერილიზაცია და ხელთათმანების გამოყენება, თეთრეულის ცვლისა და რეცხვის რეგულირება, - ეს ის წესებია, რომელიც სტილისტებთან ერთად კოსმეტოლოგებმაც უნდა დაიცვან, ანუ დეზინფექცია და სტერილიზაცია. კონტროლის შემდეგ თითოეულ პროვაიდერს ეძლევა გონივრული ვადა არსებული დარღვევების გამოსავლენად. იმ შემთხდვევაში კი, თუ რომელიმე მათგანი სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებს არ დაიცავს, დაჯარიმდება. “

სილამაზის სალონი „ნიმა“, ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც გუშინ შემოწმდა. სტილისტის ირმა ნადაშვილის განმარტებით, მათ სალონში არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა.
„შეამოწმეს სასტერილიზაციო ხსნარები და ჰიგიენური ნორმები. ყველაფერი წესრიგშია. ერთადერთი რაც გვითხრეს ხელსაბანთან უნდა გავაკეთოთ კაფელი და ამასაც გამოვასწორებთ. “

ეკა ბურდიაშვილის განმარტებით, რეგისტრაციის გარეშე მუშაობის შემთხვევაში ფიზიკური პირები 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 1000 ლარით დაჯარიმდება. გარდა ამისა, თუ დარღვეული იქნება ინფექციური კონტროლი და სტერილიზაცია, ან დარღვევები იქნება სანიტარულ ჰიგიენური კუთხით, ასეთ შემთხვევაში მიკრო ბიზნეს მეწარმე ჯარიმდება 50 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 200 ლარით. განმეორებითი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში თანხა ორმაგდება.



| Print |
FaceBook Twitter Google