საზოგადოება
"ეს უკვე გაუსაძლისია “ - გურჯაანის მერს თანამშრომელი შეურაცხყოფასა და შანტაჟში ადანაშაულებს
გურჯაანის მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი ზვიად ბიაშვილი, მერს არჩილ ხანდმაშვილს მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს.
აღნიშნული ინფორმაცია მან სოციალურ ქსელ „facebook-ზე გაავრცელა. მისი თქმით,  ხანდამაშვილმა წასვლის შესახებ განცხადების დაწერა არაერთხელ მოსთხოვა. კითხვაზე კი, თუ რატომ უნდა მოქცეულიყო ასე, შემდეგნაირად უპასუხა - „მე მინდა ჩემი კაცი და მე მინდა ჩემს გუნდთან ერთად ვიმუშავო“.

“2017 წლის 13 ნოემბრიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი სისტემატურად მეუბნებოდა, რომ ჩემი ნებით დამეწერა განცხადება, რაზეც უარით ვპასუხობდი. მან რამდენჯერმე გამაფრთხილა, რომ მიპოვიდა მიზეზს, რამდენჯერმე მომცემდა საყვედურს და შემდეგ მაინც გამიშვებდა სამსახურიდან. მიმდინარე წლის 11 იანვარს, მან დანაპირები შეასრულა და ჩემს წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება. ის მედავება იმ საქმის შეუსრულებლობას, რომელიც არავის დაუვალებია ჩემთვის.

ბატონო პრემიერ-მინისტრო! ბატონო პარლმანეტის თავმჯდომარევ! არჩილ ხანდამაშვილი ფეხქვეშ თელავს საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებულ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და თავისი ამ ქმედებებით ცდილობს ჩვენი ქვეყნის განვითარების დამუხრუჭებას ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში. დღეს რა განუკითხაობაც სუფევს გურჯაანის მერიაში, არის ქვეყნის სირცხვილი და არნახული უკანონობა. პირადად მე, მერის მხრიდან სისტემატურად ვიღებ შეურაცხყოფას და შანტაჟს. ეს უკვე გაუსაძლისია და ამას სახელი აღარ ჰქვია.“- წერს ზვიად ბიაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი speqtri.ge-სთან ამბობს, რომ ზვიად ბიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შანტაჟის და ზეწოლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

-„რაც შეეხება დისციპლინურ სანქციას, ამას აუდიტი იკვლევს. ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელს ნოემბრის ბოლოს სიტყვიერი დავალება მივეცი, რომელიც იანვარშიც კი არ შესრულებულა. საქმის მოკვლევა აუდიტს დავავალე. ფინანსური სამსახურის უფროსმა ახსნა-განმარტებაში მოიყვანა პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, რაც თავისთავად დამატებითი მოკვლევის საგანი გახდა. ანუ სამსახურის უფროსს რომ დავალება შეესრულებინა, ამაში უნდა ჩართულიყო ზვიად ბიაშვილი. მოკვლევის პროცესი მიმდინარეობს და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. კონკრეტულად რა დავალებაზეა საუბარი, მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს.

არ შეიძლება თანამშრომელს შენიშვნა მივცე, ეს ითვლება ზეწოლად? თუკი დისციპლინურ გადაცდომას დაადასტურებს აუდიტი, ეს მისი გათავისუფლების საფუძველი არ გახდება. როგორ შეიძლება ერთხელ შენიშვნა ან საყვედური მისცე და მაშინვე სამსახურიდან გაუშვა? ეს ყველაზე დიდი კანონდარღევა იქნება. არ ვიქნები ამ შემთხვევაში სუბიექტური, არავისთვის მითქვამს, რომ მაინც და მაინც ზვიადს მისცენ საყვედური, ამას კატეგორიულად გამოვრიცხავ. პრესსამსახურის განვლილ მუშაობას რომ გადავხედე, ამას მუშაობა არ ჰქვია. ეს არის ინერტულად მიმავალი სამსახური. ვაღიარებ, რომ პრესსამსახურის მუშაობა ნულის ტოლფასია. ხელმძღვანელი ზვიად ბიაშვილია, თუ მისი თანაშრომლები ცუდად მუშაობენ, უნდა მოითხოვოს ამ ადამიანების სამსახურიდან წასვლა. მერმა არ უნდა ვაკონტროლო განყოფილების უფროსის თითოეული თანაშრომელი, ამას ფიზიკურად ვერც შევძლებ. მოქალაქე ,რომელიც მოგწერს facebook-ზე და საიტზე და პასუხი არ აქვს გაცემული ერთი თვის განმავლობაში, ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი დარღვევაა.“

მერის განცხადებითვე, ის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების რეორგანიზაციას არ აპირებს.
„განყოფილების უფროსს ზვიად ბიაშვილს კიდევ რამდენიმე დავალება მიეცემა. თუ ვერ შეძლებს თავი გაართვას, ალბათ უნდა წავიდეს სამსახურიდან.“

ცნობისთვის, ზვიად ბიაშვილმა 2015 წელს საჯარო მოხელეთა კონკურსი გაიარა, რის საფუძველზეც პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად დაინიშნა.

| Print |
FaceBook Twitter Google