საზოგადოება
რა დაავადებაა მენინგოკოქცემია და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ
რამდენიმე დღის წინ მენინგოკოქცემიის დიაგნოზით, იაშვილის სახელობის კლინიკაში მარნეულის მკვიდრი 7 წლის მოზარდი გარდაიცვალა.

რამდენად საშიშია ეს დავადება და ხომ არ არის გავრცელების საშიშროება, ამ კითხვით გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მივმართეთ. როგორც ჩვენთან საუბარში ექიმმა პროფილაქტიკოსმა ეკა ბურდიაშვილმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე წელია მენინგოკოქცემიის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ეს არის ინფექციური დაავადება, რომელსაც ბაქტერია დიპლოკოკი იწვევს. დაავადება ძირითადად 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხდება. იშვიათად ინფიცირდება 14 წლამდე ასაკის მოზარდიც. დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. ის ადვილად ვრცელდება დახურულ სივრცეში, ამიტომ ჩვენ ვეწევით რეკომენდაციებს სკოლებში და ბაღებში, რომ ხშირად გაანიავონ ოთახები და სველი წესით დალაგდეს. მენინგოკოქცემია იწყება მაღალი ტემპერატურით, საერთო სისუსტით , უეცარი შემცივნებით, თავის ძლიერი ტკივილითა და ღებინებით. გართულების შემთხვევაში სხეულზე ჩნდება სისხლჩაქცევები. დაავადებას ასევე ახასიათებს კისრის კუნთების რიგიდობა. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა ბავშვმა კისერი მკერდის ძვალთან ვერ მიიტანოს. ასეთი სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს, რადგან დაავადებას პერიოდუილად ახასიათებს ელვისებური გამოვლინება, რომელიც შესაძლოა ფატალური შემთხვევითაც დასრულდეს. “
მისი თქმით, დაავადებას სეზონურობა ახასიათებს და ის ძირითადად ზამთარ-გაზაფხულზე ფიქსირდება.


| Print |
FaceBook Twitter Google