საზოგადოება
გათავისუფლებული თანამშრომელი სიღნაღის მერს სასამართლოში უჩივის
სიღნაღის მერის ყოფილი თანაშემწე გენდერულ საკითხებში მაია სუხიშვილი მერს, გოგი გოგილაშვილს სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებაში სდებს ბრალს.
მან სასამართლოს მორალური ზიანის ანაზღაურების და სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით უკვე მიმართა. სუხიშვილის განცხადებით, მერმა მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა, რის გამოც მისი უფლება დაირღვა. 

,,სიღნაღის მერს ვთხოვ კომპენსაციას, ასევე დამაბრუნოს სამსახურში და ბუნებრივია, უნდა ამინაზღაუროს მიყენებული მორალური ზიანი " - ამბობს ის.

როგორც სიღნაღის მერმა გოგი გოგილაშვილმა speqtri.ge-სთან განაცხადა, მან მაია სუხიშვილს დასაქმება ერთ-ერთ ა.ა.ი.პ- ში შესთავაზა, თუმცა მან ამაზე უარი თქვა.

-"უფლება მქონდა, ეს ხელშეკრულება აღარ გამეგრძლებინა და შემეწყვიტა. ჩავთვალე, რომ თანაშემწედ უნდა მყავდეს ისეთი ადამიანი, ვინც კარგად ერკვევა და უკეთესად ართმევს ამ საკითხებს თავს. ასე რომ, კანონი არ დამირღვევია. დამისახელოს ერთი ადამიანი, ვინც თანამდებობაზე მეგობრობის ან ნათესაობის გამო დავნიშნე, მე არაფერში ვერევი. მხოლოდ ის მინდა,  პროფესიონალები მოვიდნენ, ასეთ პოლიტიკას ვატარებ. ქალბატონ მაიასთან შენიშვნები მქონდა, ვუთხარი, უმუშევარს არ დაგტოვებ და შემდეგში ერთ-ერთ ა.ა.ი.პ-ში დაგასაქმებთქო, მაგრამ უარი განაცხადა. ტყუილი ბრალდებებით მებრძვის, რასაც არ ვიმსახურებ. სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერად მოვიქეცი, თუ უკანონოდ."

ცნობისთვის, გოგი გოგილაშვილმა გენდერულ საკითხებში თანაშემწედ თამთა ზაქარიაშვილი დანიშნა, რომელიც მანამდე კერძო სექტორში მუშაობდა.





| Print |
FaceBook Twitter Google