საზოგადოება
დროებითი მოთავსების იზოლატორში ვიდეოჩანაწერის შენახვის ვადა 120 საათამდე გაიზარდა
დღეს,შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორების განვითარების გეგმა წარმოადგინა. პრეზენტაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.
შს სამინისტროს ინფორმაციით,  იზოლატორებში წარმოებული ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა 24 საათიდან - 120 საათამდე გაიზარდა, რამაც დაკავებული ბრალდებულების დროებითი მოთავსების იზოლატორებში ყოფნის მთელი პერიოდი მოიცვა.

"დაწყებულია მუშაობა ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემის გასაუმჯობესებლად. საწყის ეტაპზე, 6 მსხვილ იზოლატორში ვიდეო-მეთვალყურეობის არსებული მოძველებული საშუალებები ჩანაცვლდება ახლით, რის შემდეგაც ჩანაცვლება ეტაპობრივად გაგრძელდება;
თებერვლის ბოლოს განახლებული იზოლატორი გაიხსნება ახალქალაქში, სადაც უკვე განხორციელდა შენობის სრული რეკონსტრუქცია. ასევე ახალი იზოლატორები აშენდება ბორჯომში, ბაკურიანსა და გუდაურში, ხოლო ზუგდიდსა და ახალციხეში ძველი იზოლატორები ახლით ჩანაცვლდება. დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ პირთა სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა იზოლატორში დაკავებული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო პერსონალი. ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირების განსათავსებელად მოეწყობა ორი ახალი დაწესებულება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, რითაც შესრულდება საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები"- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შეიქმნება იზოლატორის მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობები და განახლდება მომზადება-გადამზადების სასწავლო კურსი. 


| Print |
FaceBook Twitter Google