საზოგადოება
დაუბრუნებს თუ არა ენერგო-პრო-ჯორჯია აბონენტებს წინასწარ გადახდილ თანხას
მას შემდეგ, რაც კახეთის „ენერგოდისტრიბუცია“ გაკოტრდა და ენერგო- პრო-ჯორჯიამ შეისყიდა, მოსახლეობა იმ თანხების დაბრუნებას ითხოვს, რაც მათ წინასწარ ჰქონდათ გადახდილი.


ამ საკითხით დაინტერესება არაერთმა მკითხველმა გვთხოვა. როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, რომელსაც კახეთის ენერგოდისტრიბუციის ანგარიშზე ზედმეტი თანხა ჰქონდა გადახდილი? ამ კითხვით ენერგო - პრო -ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს ჟანა დიდებაშვილს მივმართეთ. როგორც მან აღნიშნა, ამისთვის აუცილებელია, აბონენტებმა განცხადება დაწერონ. თუმცა აღნიშნულ უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, რა შემთხვევაში შეიძლება დაბრუნდეს ეს თანხა აბონენტის ანგარიშზე.


„მინდა გითხრათ, რომ ჩვენს კომპანიას კახეთის „ენერგოდისტრიბუცია“ კრედიტებიანად არ უყიდია. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ასეთ აბონენტს შეუძლია მიმართოს ენერგო- პრო -ჯორჯიას სერვის ცენტრს მათი ტერიტორიული საცხოვრებლის მიხედვით და შეიტანოს განცხადება. კომპანია საკითხს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად განიხილავს და გადაწყვეტს, დაუსვამს თუ არა გადახდილ თანხას კრედიტში. კახეთის „ენერგოდისტრიბუცია“ ისევ გაკოტრების რეჟიმში იმყოფება. როგორც ერთხელ უკვე განვაცხადე, ენერგოპროს არ უყიდია კახეთის ენერგოდისტრიბუცია პასივებით, მან იყიდა აქტივებით. მაგრამ ამავე დროს კეთილი ნება გამოიხატება იმაში, რომ აუცილებლად განიხილავს თითოეული აბონენტის მიერ შემოტანილ განაცხადს. ეს მოხდება შესაბამის ვადებში.“

კომპანიის პრესსამსახურმა არც ის მონაცემები მოგვაწოდა, თუ რამდენმა აბონენტმა მიმართა ამ დროისთვის მათ თანხის დაბრუნების მოთხოვნით. „მოსახლეობა ინფორმირებულია და მომართვიანობაც არის. თუმცა ციფრების დასახელებისგან თავს შევიკავებთ. ენერგო - პრო -ჯორჯიამ რომ არ აანაზღაუროს თანხა, ამაზე პასუხს ვერავინ მოსთხოვს, რადგან ეს ვალდებულება არ აკისრია. აღსრულებას მიმართავს მოქალაქე თუ ჩვენ, ეს მისი გადასაწყვეტია.“

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ოფისის კოორდინატორის ლია ხუროშვილის თქმით, მოქალაქეებმა უარყოფითი პასუხის შემთხვევაში აუცილებლად სასამართლოს უნდა მიმართონ.
„არასწორია კომპანიისგან განცხადება იმის შესახებ, თითქოსდა ისინი პასუხს არ აგებენ თავიანთი წინამორბედის აღებულ ვალდებულებებზე. როცა ენერგო-პრო-ჯორჯიაში აცხადებენ, რომ კომპანია აქტივებით იყიდეს და არა პასივებით, ისიც საკითხავია, რამდენად არის პასივი აბონენტის მიერ წინასწარ გადახდილი თანხა. აქედან გამომდინარე, რატომ უნდა დაზარალდეს ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე, როდესაც კომპანიას ჯერ არმოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უკვე გადაუხადა. აუცილებელია ამ საკითხით ენმერგოომბუდსმენიც დაინტერესდეს, განიხილოს, რამდენად სამართლიანია მოქალაქეების მოთხოვნა, სად მიდის ეს თანხა? თუ ამ საკითხის მიმართ იქნება უარყოფითი დამოკიდებულება, მაშინ მოქალაქეებმა უნდა მიმართონ სასამართლოს. “

საკითხი ცნობილია ენერგოომბუდსმენისთვისაც. როგორც ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელმა კახეთში სოფიო აივაზაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ამის შესახებ წერილობით „ენერგო პრო ჯორჯიას“ უკვე მიმართეს.
„განცხადებით მოგვმართეს როგორც მოქალაქეებმა, ასევე ორგანიზაციებმაც, რომლებსაც დიდი თანხა აქვთ გადახდილი. შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ ოფიციალური წერილით ენერგო - პრო -ჯორჯიას , მათგან მივიღეთ პასუხი, რომ აღნიშნული საკითხი განხილვის პროცესშია. ამასთან დაკავშირებით, სემეკიც და ჩვენი ომბუდსმენიც აწარმოებს მოკვლევას, რა პირობებით აქვს ნაყიდი ენერგო- პრო -ჯორჯიას ენერგოდისტრიბუცია“.

მისივე თქმით, კონკრეტული პასუხი სავარაუდოდ კვირის ბოლოს ექნებათ და მათი სამომავლო ქმედებაც ამაზე იქნება დამოკიდებული.

| Print |
FaceBook Twitter Google